ინოვაციური ტრენინგი საქართველოში, რომლის დასრულების შემდეგაც ავტომატურად დასაქმდებით

საკმაოდ დიდი ხანია რაც სოციალურ ქსელში ”გელას დღიურები” გამოჩნდა , რომლის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად აღმოაჩენთ, რომ მინიმუმ ერთ ”გელას” - ზარმაცს, პირადი წარუმატებლობის მიზეზებში მუდმივად გარემოებების დამადანაშაულებელსა და ძირითადად, სამუშაო საათების ”ფეისბუქის” სქროლვაში გალევით დაკავებულს თქვენც იცნობთ, ან მეტიც - შესაძლოა, წერილების კითხვისას ”გელაში” საკუთარი თავის პოვნა მოახერხოთ. და მაინც, სეილის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ტრენერი დავით ჩიკვაიძის ბლოგების ეს სერია ტიპიური ქართველი ახალგაზრდისგან კომიკური კრებითი ადამიანის შექმნას მიზნად სულაც არ ისახავს - პირიქით, როგორც თავად განმარტავს, კარგი და წარმატებული თანამშრომლის ანტიპოდის შექმნით ახალგაზრდებში მეტი მოტივაციის გაღვივებას ცდილობს. ამ მიზნით, მან ახალი, საქართველოსთვის უნიკალური პროექტიც შექმნა, რომლის დეტალებზეც თავად ISI- ტრენერი დავით ჩიკვაიძე გვიამბობს:

- ხშირად მეკითხებიან - როგორ შეიქმნა გელა? რეალურად, ტრენინგისთვის ვამზადებდი თემას - როგორ უნდა ვიყოთ კარგი თანამშრომელი გაყიდვებსა თუ სხვა მიმართულებით. ამიტომ გადავწყვიტე, წარმატებული პიროვნების ანტიპოდი შემექმნა, ანუ ისეთი ადამიანის, როგორიც საქართველოში, სხვადასხვა ორგანიზაციებში მრავლად გვხვდება. ჩემ ახალ ”გმირს” სახელწოდებაც შესაბამისი შევურჩიე - ქართული სიზარმაცის მითიური სახელი - ”გელა”.

- და კონკრეტულად, რა არის თქვენი მთავარი გზავნილი, რომ სამსახურში თანამშრომლები ბევრად მოტივირებულები იყვნენ?

- ამ შეკითხვაზე მოკლე პასუხი არ არსებობს - რა თქმა უნდა, მსგავსი სტერეოტიპის დასანგრევად საკმაოდ მოცულობითი სამუშაოს გაწევა აუცილებელია, მათ შორის, მთავარი ფაქტორი მიზნის სწორად დასახვაა. თუმცა ჩვენი ორგანიზაცია ახალგაზრდა, დაინტერესებულ პირებს ამ მიმართულებით მნიშვნელოვან სიახლეს სთავაზობს: შეიქმნა Sales MBA-ს პროგრამა, რომელიც 25 წლამდე ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს გაყიდვებში ფუნდამენტური განათლება მიიღონ და პარალელურად, წარმატებულ კომპანიებში დასაქმდნენ. რაც მთავარია, სწავლა სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მას სრულად International Sales Institute- დააფინანსებს.

- პროექტში ჩასართავად ახალგაზრდებს კონკურსის გავლა მოუწევთ? ისიც საინტერესოა, რა კრიტერიუმებით შეარჩევთ ახალგაზრდებს ტრენინგისთვის?

- სხვათა შორის, როდესაც ამ პროექტზე მუშაობა დავიწყე, ხშირად მეკითხებოდნენ, რატომ აკეთებ განსაკუთრებულ აქცენტს 25 წლამდე ახალგაზრდებზე? ცნობიერება - თუ როგორ არ იყო გელა, ანუ, ზარმაცი ადამიანი, რომელიც აგვიანებს სამსახურში, ძირითადად საკუთარ წარუმატებლობას დოლარის კურსის ვარდნას ან სხვა გარემო პირობებს აბრალებს, პირველივე სამსახურში ფორმირდება. ამიტომ, მირჩევნია, პარტნიორ კომპანიებთან რეკომენდაცია გავუწიო ისეთ ახალგაზრდებს, რომელთა გამოწრთობა კარგი სამსახურისთვის, სადაც შრომისმოყვარე ადამიანები მუშაობენ, რეალურია.. როგორც ბავშვი ისრუტავს გარემოს, ისე თანამშრომელი აკვირდება, რა პირობებსა და თანამშრომლებთან ხვდება პირველ სამსახურში და თავადაც პოტენციალს მათი მიბაძვით ავითარებს. შესაბამისად, იმისათვის, რომ არ იყოთ ”გელა”, გირჩევთ შეარჩიოთ სამსახური, სადაც მოთხოვნები მაღალია და შესაძლოა რთული სამუშაო გარემოც, თუმცა პროფესიული კუთხით განვითარების პერსპექტივა გიჩნდებათ. რაც შეეხება კონკრეტულ კრიტერიუმებს - კურსზე მხოლოდ 17 ადამიანი მოხვდება, რომლებსაც შემოსული რეზიუმეებიდან ავარჩევთ. კერძოდ, რეზიუმეებიდან არჩეულ სავარაუდო კანდიდატებთან თავდაპირველად სატელეფონო გასაუბრება შედგება, რის შემდეგაც ისინი სხვადასხვა კომპანიის HR მენეჯერებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას გაივლიან. ბოლო ეტაპი კი, ჯგუფური გასაუბრებაა. კანდიდატების შერჩევისას მთავარი მოთხოვნა მოტივაცია, მონდომება და ლოგიკური აზროვნება იქნება.

- რეზიუმეს გამოგზავნა ნებისმიერი პროფესიის სტუდენტსა თუ კურსდამთავრებულს შეუძლია?

- რა თქმა უნდა. თავად დავამსხვრიე სტერეოტიპი, რომ გაყიდვების მიმართულებით მთავარი ვიწრო სპეცილობის მიღებაა. 10 წელია ამ საქმეში ვარ ჩართული, ტრენინგებს ვატარებ, თუმცა რადიკალურად განსხვავებული მიმართულების ორი ფაკულტეტის ბაკალავრი ვარ. ბიზნესის მართვა, როგორც წესი, პრაქტიკაში ისწავლება, თუმცა ბუნებრივია, ამ პროცესს თეორიული ცოდნაც ხელს უწყობს. მთავარი მაინც ცოდნა და უნარებია - ამ პროექტით მაქსიმალურად შევეცდებით, რომ პირებს უფასო არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა მისცეს დასაქმების გარანტიით.

- როგორც წესი, კომპანიები სტუდენტებსა თუ კურსდამთავრებულს მინიმუმ 3-წლიან სამუშაო გამოცდილებას სთხოვენ...

- Sales MBA-ს ფარგლებში უფასო კურსი სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის პარალელურად პარტნიორმა კომპანიებმა, მათ შორის, "ალდაგმა”, ”ლივინგსტონმა”, ”ჯი დი გრუპმა” და ა.შ. (სულ 11 კომპანია) აიღეს ვალდებულება, შერჩეული ახალგაზრდები დაასაქმონ. ეს არ ნიშნავს, რომ შერჩეული პირები, უხეშად რომ ვთქვათ, ფლაერებს დაარიგებენ, პირიქით, მათ კომპანია უშუალოდ საქმეში რთავს, რათა კონკრეტული პრაქტიკის გავლის შემდეგ, კომპანიისთვის სასურველი კადრი გამოწრთოს. სწორედ ამიტომაცაა ეს პროგრამა უნიკალური - ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, ყოველგვარი სამწლიანი სტაჟის გარეშე, სამ თვეში დაიწყონ მუშაობა, პარალელურად კი მიიღონ განათლება და გახდნენ პროფესიონალები. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა 6 ოქტომბერია.

რეზიუმეები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ info@isi.ge

რუსუდან შელია