ფონიჭალის ზემო დასახლებაში საკვების მწარმოებელი საწარმოს მშენებლობა დასრულდა

სამთავრობო პროგრამის ”აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმოს მშენებლობა დასრულდა.

როგორც  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს, კომპანია „ნუტრიმაქსმა“ ფონიჭალის ზემო დასახლებაში მაღალტექნოლოგიური კომბინირებული საკვების მწარმოებელი საწარმო ააშენა, რომლის გახსნის ცერემონია დღეს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

”საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ინფრასტრუქტურული კომპონენტის ფარგლებში კომპანია „ნუტრიმაქსს“ ქალაქ თბილისში მდებარე 30394 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადასცა. ასევე, კომპანია „ნუტრიმაქსმა“ ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტით, რაც გულისხმობს სესხის საპროცენტო განაკვეთის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებას.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საწარმოს მშენებლობასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში კომპანიამ 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. საწარმო ყოველწლიურად 50 000 ტონა ცხოველების, ფრინველებისა და თევზის მაღალტექნოლოგიურ კომბინირებულ საკვებს გამოუშვებს”, - განმარტავენ სამინისტროში.