რატომ არ იაფდება პური საქართველოში

ბოლო 1 წელიწადში ფქვილი 30%-ით გაიაფდა, მაგრამ პურპროდუქტებზე ფასის დაწევას არავინ ჩქარობს. პურის ქარხნებში გაიაფება თავში აზრადაც არავის მოსვლია.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ღირებულებამ, შარშანდელთან შედარებით, 13 ლარით იკლო, პურპროდუქტების ბაზარზე სრული უძრაობაა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ამ ეტაპზე 1 ტომარა ფქვილის საბითუმო ფასი 32 ლარია.

საერთაშორისო ბაზრის დინამიკას თუ მივყვებით, უდავოა, რომ დაბალი ფასი დიდხანს შენარჩუნდება. ჩიკაგოს ბაზარზე ორიოდე დღის წინ 1 ბუშელი ხორბლის ფასი 3,96 დოლარს შეადგენდა და უკვე კარგა ხანია, რაც 4 დოლარის ფარგლებში ტრიალებს. საქართველოს მთავარ მომწოდებელ რუსეთშიც მარცვლეულის ფასი მინიმუმამდე დაეცა.

აქედან გამომდინარე, საქართველოში ყველა პირობაა პურპროდუქტების გასაიაფებლად, მაგრამ ქართველ მეწარმეებს ამის აღიარება არ უნდათ. რატომღაც ყველა ფიქრობს, რომ "პურს ისედაც იაფად ყიდის".

"თემქის პურის ქარხნის" წარმომადგენელმა "რეზონანსს" განუცხადა, რომ 400-გრამიან პურს მომხმარებელს 50 თეთრად სთავაზობს, რაც ბაზარზე ყველაზე დაბალი ღირებულებაა და ფასს ვეღარ შეცვლის.

"რა ტენდენციაც არ უნდა ჩამოყალიბდეს, ჩვენი ქარხნის საქმიანობაზე ჯერჯერობით ვერ მოახდენს გავლენას. პურს 50 თეთრად ვყიდით და ამაზე მეტი შეღავათი წარმოუდგენელია. შეიძლება ფქვილი იაფია, მაგრამ სხვა ხარჯის გაწევაც გვიხდება. ისედაც მიზერული ფასი გვაქვს", - ამბობს ქარხნის დირექტორი.

ავჭალაში მდებარე პურის ქარხნის წარმომადგენელმა ლევან კლდეისელმა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ საფასო ცვლილება არ იგეგმება და ამ პოზიციაზეა დღეს პურის ქარხნების აბსოლუტური უმრავლესობა. კლდეისელის თქმით, ფქვილი ძირითადი კომპონენტია პურის წარმოებაში, თუმცა საბოლოო ღირებულებაზე ბევრი სხვა ფაქტორიც მოქმედებს.

"კარგია, რომ ფქვილი იაფდება, მაგრამ პურის ფასის ფორმირებისთვის ეს არგუმენტი საკმარისი არ არის. ქარხნიდან პურის გასაცემი ფასი 50 თეთრია, სარეალიზაციო კი - 60 თეთრი, რაც მინიმალური ფასია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დოლარის კურსი გაიზარდა, ბუნებრივი აირი ძვირია, შესაფუთი მასალები და დანადგარებიც ასევე ძვირი ღირს. სამწუხაროდ, არ გვაქვს რეალური შესაძლებლობა, პურპროდუქტების გაიაფებაზე ვიფიქროთ", - ამბობს კლდეისელი.

პურის ფასი უცვლელია "იფქლშიც". კომპანიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ფასის გადახედვა ნაკლებად სავარაუდოა. "ეს თემა ყოველთვის აქტუალურია შემოდგომის დასაწყისში, როცა მოსავალი ახალი აღებულია. მინიმუმ ერთწლიანი სტაბილურობაა საჭირო იმისთვის, რომ მეწარმეებმა გადახედონ პურის ფასს", - აცხადებენ კომპანიაში.

მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავას ინფორმაციით, ფქვილის ფასის ვარდნა 2015 წლის ოქტომბრიდან დაიწყო.

"დღეს 1 ტომარა ფქვილი 32 ლარი ღირს, როცა შარშან ამ დროს 45 ლარი ღირდა. ფქვილის ფასის კლება ხორბლის დიდმა მოსავალმა გამოიწვია. შარშანდელთან შედარებით, წელს ხორბლის მოსავალი 25 მილიონი ტონით მეტია. ფქვილის გაიაფების კიდევ ერთი მიზეზი იყო ეგვიპტეში ხორბლის ექსპორტის მხრივ შექმნილი პრობლემა. ეგვიპტე ყოველწლიურად 10 მილიონ ტონა ხორბალს ყიდულობს, თუმცა წელს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება და ხორბალს, რომელსაც სოკოს დაავადება სჭირს, თუნდაც ნორმის ფარგლებში (ნორმა 0,05%-ია), ქვეყანაში არ უშვებს. სარისკო ქვეყნებში მან რუსეთიც შეიყვანა. ამან კი მსოფლიოში 10 მილიონი ჭარბი ხორბლის მოლოდინი გააჩინა", - აღნიშნა სილაგავამ.

მისი ვარაუდით, უახლოეს პერიოდში ფქვილის ფასი 32 ლარზე დაბლა აღარ დაიწევს. მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარეს უჭირს იმაზე საუბარი, იქონიებს თუ არა ეს გავლენას პურის ფასის შემცირებაზე.

"შარშანდელთან შედარებით, საქართველოში იმპორტირებული ხორბლის ფასიც შემცირდა. კერძოდ, დღეისთვის ფოთის პორტში შემოტანილი 1 ტონა ხორბალი 183 დოლარი ღირს, წინა წლის სექტემბერში კი მისი ღირებულება 240 დოლარი იყო", - აცხადებს სილაგავა "ბიპიენთან" საუბრისას.

საქართველოში ხორბლის შემოტანა ბოლო 4 წელია, ძირითადად, რუსეთიდან ხდება, რისთვისაც ქართული მხარე ყოველწლიურად 120-130 მილიონ დოლარს იხდის.

რაც შეეხება ადგილობრივ მარცვლეულს, მართალია, წელს საქართველოშიც გაიზარდა მოსავლის რაოდენობა, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, აქედან სასურსათოდ ცოტა გამოიყენება და ბაზრის 10%-ზე მეტს ვერ აკმაყოფილებს.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"