საქართველოში მსხვილი საინვესტიციო ფონდები შემოდიან

საქართველოში მსხვილი საინვესტიციო ფონდები შემოდიან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც „საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასაფორმებელი შეთანხმებები განიხილეს.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, პირველად მოხდება „საპარტნიორო ფონდის“ მიერ საერთაშორისო კონსორციუმში ინვესტირება.

„საპარტნიორო ფონდი“ კანადური საინვესტიციო ფონდის Gazelle Fund-ის პარტნიორი ხდება, რაც 6 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტირებას გულისხმობს ჩვენი მხრიდან, ხოლო Gazelle Fund-ის საწყისი კაპიტალი იქნება 27,5 მილიონი დოლარი. შემდგომში საინვესტიციო მოცულობა გაიზრდება 70 მილიონ დოლარამდე. ფონდი არის რეგიონული ხასიათის და მან აირჩია ცენტრალურ ადგილად საქართველო. ფონდის კაპიტალის 60% დაიხარჯება საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ საერთაშორის ფონდმა Gazelle Finance Fund-მა საქართველო აირჩია ფუნქციონირების ადგილად. ასევე, ფონდის პარტნიორები არიან ჰოლანდიის სახელმწოფო-საივესტიცო ფონდი და ჰოლანდიის განვითარების ბანკი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, „საპარტნიორო ფონდი“, ასევე, ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტს ენერგეტიკის სფეროს განვითარებისთვის, რომლის ფარგლებშიც საქართველოში შემოდის ცნობილი ამერიკული საინვესტიცო ჯგუფი Schulze Global Investments და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ევროპული საინვესტიცო ფონდები.

„Schulze Global Investments-ს აქვს საერთაშორისო მასშტაბით ოპერაციები. მათი ძირითადი ოფისი მდებარეობს სინგაპურში ასე რომ, ეს არის ძალიან სერიოზული საერთაშორისო საფინანსო ფონდი. „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად ისინი გეგმავენ ენერგეტიკის სფეროში ინვესტირებას. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში „საპარტნიორო ფონდი“ გეგმავს ორი მსხვილი ინვესტორის მოზიდვას, ესენი არიან ამერიკული ფონდი McLaren foundation და ცნობილი ინვესტორი დომინიკ რომანო, რომლებიც ჯამურად ფონდის წინაშე აიღებენ 10 მილიონი დოლარის ინვესტირების ვალდებულებას. ანუ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იგეგმება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე