პროფესიით ფსიქოლოგის ბიზნესი ჯანსაღი კვების იდეით

ჯანსაღი კვება და ჯანმრთელი ცხოვრების წესი ოცდამეერთე საუკუნის ნამდვილი გამოწვევაა. სარესტორნო ბიზნესი ამ გამოწვევას საქართველოშიც თანდათან ფეხს უწყობს. ბაზარზე ჩნდებიან ახალი მოთამაშეები, რომლებიც მომხმარებლებს მაღალ სტანდარტებს სთავაზობენ. ,,ნამუს” შექმნის იდეაც ჯანსაღ კვებას უკავშირდება. ანა ტიკარაძე პროფესიით ფსიქოლოგია. თავად ხუთი წელია ვეგეტარიანელია და ასე ცხოვრობენ მისი ოჯახის დანარჩენი წევრებიც. მათი რაციონიდან შაქარი, ხორბალი, რაფინირებული ზეთი, რძის ნაწარმი და ხორცი ამოღებულია. ვეგანური რესტორანი ,,ნამუც” მომხმარებლებს ჯანსაღ კვებას სთავაზობს.

ანა ტიკარაძე

- უმი ვეგანური რესტორნის შექმნის იდეა მილანში გაჩნდა. თავად ვეგეტარიანელი ვარ და ჩემი კვების რაციონი არც ისე მრავალფეროვანი იყო. თუმცა მილანში ერთ-ერთ ვეგანურ რესტორანში აღმოვაჩინე, რომ თურმე ბოსტნეულით, ხილით, თხილით, თესლებითა და სხვადასხვა ტექნოლოგიით უნიკალური გემოების და ტექსტურის მიღებაა შესაძლებელი. გადავწყვიტე ამ ყველაფრის საფუძვლიანად შესწავლა და მალევე ლოს-ანჟელესის როუ ვეგანურ კულინარიულ აკადემიაში ჩავაბარე. დღეს უკვე როუ ვეგანური შეფმზარეულის სტატუსი მაქვს. დასაწყისში, ეს იყო მხოლოდ ოჯახისთვის, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. თუმცა, მალევე მივხვდი, რომ ჩემი გამოცდილება სხვებისთვისაც უნდა გამეზიარებინა. აქედან წამოვიდა რესტორნის შექმნის იდეა.

რითაა გამორჩეული „ნამუ.“ რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

„ნამუ“ გამორჩეულია იმით, რომ ჩვენთან არ არის არანაირი ცხოველური პროდუქტი, არ ვიყენებთ შაქარს, ხორბალს, რაფინირებულ ზეთს, მარილს და ამასთანავე ყველაფერი უმია, რაც გულისხმობს, რომ საკვების მომზადების ტემპერატურა არ სცილდება 46 გრადუსს. ეს არის ზღვარი, რომლის ზემოთაც საკვებში ფერმენტები იშლება და შესაბამისად, ის სასარგებლო აღარ არის. ჩვენს მენიუშია ტოქსინებისგან გამწმენდი წვენები, თხილისა და ნუშის რძეზე დამზადებული სმუსები, ბოსტნეულის და ხილის წვენები, ბოსტნეულის ჩიფსები, ორცხობილები, დესერტი და სხვა.

ინგრედიენტები, რომლებსაც იყენებთ კერძების დასამზადებლად, რამდენად მოიპოვება ქართულ ბაზარზე?

უნდა ითქვას, რომ ამ კუთხით ნამდვილად არ გვაქვს ქართულ ბაზარზე დიდი არჩევანი. ინგრედიენტებში შეზღუდულები ვართ, რის გამოც დიდი ნაწილის ჩამოტანა გვიწევს. მაგალითად, ჩვენი შოკოლადი უმი კაკაოს ფხვნილითა და კაკაოს კარაქით მზადდება. საქართველოში კი არც ერთი მათგანი არ იყიდება.

როგორ ფასებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

„ნამუს“ ფასები ბაზარზე არსებული სხვა რესტორნების ფასებს არ აღემატება. როგორც აღვნიშნე, გარკვეული პროდუქტების შეძენა საკმაოდ ძვირი გვიჯდება, თუმცა კერძებზე, რომლებიც ადგილობრივი პროდუქტით მზადდება, საკმაოდ მოქნილი და მისაღები ფასები გვაქვს. რესტორანში წვენის ფასი დაახლოებით 8-10 ლარია, სალათი 12-16 ლარი, ძირითადი კერძი 15-18 ლარი, დესერტი კი 8-12 ლარი. მთლიანი მენიუ დაახლოებით 50 ლარი ჯდება.

შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში არც თუ ისე დიდია ვეგან თანამოქალაქეთა რიცხვი, რამდენად გაამართლა ბიზნესიდეამ?

ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ ბიზნესინტერესები. „ნამუ“ ცხოვრების წესია. ჩვენი საქმიანობა შეიძლება არც იყოს დიდად მომგებიანი, მაგრამ ეს არის ინტერესი, გამოწვევა. ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება და სხვებისთვისაც იგივეს შეთავაზება. რა თქმა უნდა, ვცდილობთ, პრაქტიკულები ვიყოთ და შემოსავალზეც ვიფიქროთ, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია. ჩვენი ძირითადი მიზანი საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლებაა. ამაში „თიბისი“ ბანკის #ბიზნესდაჯილდოებაც გვეხმარება. პროექტში ცოტა ხნის წინ ჩავერთეთ და ჩვენი მოტივაციაც კიდევ უფრო გაიზარდა. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ჯანსაღი ცხოვრების წესის და ჯანმრთელი კვების შესახებ.

ქრისტინე გამთენაძე