ზემო ფონიჭალაში კომპანია „ნუტრიმაქსის კომბინირებული საკვები ქარხანა გაიხსნა

პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, თბილისში, ზემო ფონიჭალაში კომპანია „ნუტრიმაქსის კომბინირებული საკვები ქარხნა გაიხსნა.

გახსნის ღონისძიებას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კომპანიის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ”ნუტრიმაქსის” დამფუძნებელ პარტნიორებს და ასევე, მთლიანად საქართველოს პროგრამის - ”აწარმო საქართველოში” ფარგლებში, კიდევ ერთი წარმატებული პროექტის განხორციელება მოულოცა.

”ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, როგორ იქმნება ნულისგან ამხელა შესაძლებლობები. რეალურად ეს არის 5 მილიონზე მეტი ინვესტიცია. ეს არის ახალი სამუშაო ადგილები, რომელიც შეიქმნა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის საწარმო, რომელიც იმპორტის ჩამნაცვლებელია და ექსპორტზეა ორიენტირებული. დღეს კომპანია უკვე აწვდის საქართველოს ბაზარს პროდუქციას, ასევე სომხეთის ბაზარს და გეგმავს გაფართოებას რეგიონში. მინდა აღვნიშნო, რომ პროდუქციის წარმოების პროცესი და პროცედურა, თავიდან ბოლომდე აკმაყოფილებს ევროპის სტანდარტებს და შემდგომში, თუ კომპანია მოინდომებს აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე შესვლას, მათ ამის შესაძლებლობა ექნებათ”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის 152-ე ახალი საწარმო, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი სოფლის მეურნეობის პროექტების ფარგლებში გაიხსნა.

”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის მაღალტექნოლოგიური საკვებწარმოების კომპანია, რომელიც მთლიანად მეცხოველეობის განვითარებას შეუწყობს ხელს ქვეყანაში. საკვები ბაზა მეცხოველეობის განვითარების საწინდარია. ამ კუთხით ჩვენ ნამდვილად გვექნება წინგადადგმული ნაბიჯი ”ნუტრიმაქსის” გახსნით, რომელიც გამოიყენებს ევროპულ ტექნოლოგიებს. კომპანია არა მარტო საქართველოს ბაზარს დააკმაყოფილებს, არამედ რეგიონში ექსპორტს მოახდენს”, - განაცხადა დავითაშვილმა.

კომპანია ”ნუტრიმაქსის” დამფუძნებელისა და მმართველი პარტნიორის ბესო ტოგონიძის განცხადებით, კომპანია ”ნუტრიმაქსი” ქართულ ბაზარზე 2009 წლიდან საქმიანობს.

”ჩვენ ვაწარმოებთ მეცხოველობის, მეფრინველეობის, მეთევზეობის პროდუქტებს და გვინდა, რომ ეს პროდუქტები ყველა მომხმარებელთან მივიდეს. ვართ ექსპორტზე ორინეტირებული კომპანია. ჩვენ ვართ ერთ-ერთი მსხვილი ჰოლანდიური ჯგუფის წარმომადგენლები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ჩვენ ვართ პროგრამის ”აწარმოე საქართველოში”, შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარები. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მთავრობას ამ დახმარებისთვის. ეს არის კარგი შესაძლებლობა საქმიანი ადამიანისთვის, მოახერხო საკუთარი პროექტების განხორციელება”, - განაცხადა ბესო ტოგონიძემ.

როგორც საწაროში განაცხადეს, პროექტი განხორციელდა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ჰოლანდიური კომპანიის Trouw Nutrition-ის სპეციალისტთა ჩართულობითა და პარტნიორობით.

საკვები პროდუქცია, რომელიც მეფრინველეობის, მეცხოველეობის და მეთევზეობის სექტორზეა გათვლილი, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონსაც მოამარაგებს. ქარხნის წარმადობა წლიურად 50 000 ტონა კომბინირებული საკვებია.

ქარხანასთან ერთად პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ფერმერებისთვის რეკომენდაციების მიცემა და მათი კონსულტირება საკვების გამოყენებაში.

საწარმოში განხორციელებული ინვესტიციების ჯამური ოდენობა 2 მილიონი აშშ დოლარია, აქედან საკუთარი წილი 1 400 000 აშშ დოლარს, შეღავათიანი აგროკრედიტი კი 600 000 აშშ დოლარს შედგენს.

კომპანია ”ნუტრი მაქსს” პროგრამა ”აწარმო საქართველოში” ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ზემო ფონიჭალის დასახლებში მდებარე მიწის ნაკვეთი გადასცა.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე