მოგზაურობისას დაბადებული ბიზნესი

ლელა შაბურიშვილსა და სალომე ლომიძეს თითქმის ერთი წელია საკუთარი ბიზნესი აქვთ.

ხელნაკეთი ჩანთების წარმოების დაწყების იდეა მოგზაურობის დროს დაიბადა.

პროფესიით ინტერიერის დიზაინერებმა იდეის განხორციელება მალევე დაიწყეს. ”ვიყიდეთ ყველაფერი რაც გვჭირდებოდა, სახლში მქონდა საკერავი მანქანა და ძალიან გამოგვადგა. რაღაც ახალი და საინტერესო გამოვიდა, ხალხს ძალიან კომფორტული ჩანთები შევთავაზეთ”, - გვიყვება სალომე ლომიძე.

ხელნაკეთი ჩანთების ბრენდის სახელწოდება BLUSH დიზაინერებმა სიმარტივის გამო შეარჩიეს: ”სახელი არანაირ კავშირში არ არის ჩანთებთან, BLUSH გაწითლებას, გავარდისფრებას ნიშნავს. გვინდოდა სახელი უბრალო, მარტივი და განსხვავებული ყოფილიყო. აუცილებელი არ იყო ჩანთასთან კავშირი ჰქონოდა, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ BLUSH hand made დაგვერქვა”, - ამბობს ლელა შაბურიშვილი.

როგორც BLUSH-ის დიზაინერები ყვებიან ხელნაკეთი ჩანთების მიმართ დიდი დაინტერესება არის როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.

”ბევრ ქალაქში გავაგზავნეთ ჩვენი ჩანთები. მომხმარებლები გვყავს ბერლინში, ლონდონში, ბრიუსელსა და მოსკოვში. ლონდონის პატარა Vintage Store-ში გავყიდეთ ჩვენი ჩანთები. ჩვენი სურვილია, რომ უფრო ფართო მასშტაბით გავცდეთ საზღვრებს”.

ახალგაზრდა დიზაინერები ამ ეტაპზე რამდენიმე მაღაზიასთან და ონლაინ მაღაზიასთან აწარმოებენ მოლაპარაკებას. BLUSH თითქმის ერთი წელია არსებობს და ის უკვე დამსაქმებელია. ლელასა და სალომეს გარდა, ხელნაკეთი ჩანთების დამზადებაზე კიდევ ერთი მკერავი მუშაობს.

დიზაინერები სამომავლოდ მამაკაცის ჩანთების მოდელების შექმნას გეგმავენ. როგორც BLUSH-ის წარმომადგენლები ამბობენ, წარმატება დამოკიდებულია მუშაობის სურვილსა და შექმნილი პროდუქციის მომხმარებლისთვის სწორად მიწოდებაზე.