„მერსედესის“ ახალი ელექტრო-ქროსოვერი „ტესლას“ კონკურენტობას აპირებს

კომპანია Mercedes Benz-მა პარიზში მიმდინარე საავატომობილო შოუზე სრულიად ახალი კონცეპტუალური ელექტრო-ქროსოვერი წარმოადგინა, სახელწოდებით Generation EQ.

ეს არის 402-ცხენისძალიანი სრული მოძრაობის მქონე SUV, რომელმაც სამომავლოდ კონკურენცია უნდა გაუწიოს Tesla-ს ანალოგიურ ავტომობილს Model X-ს.

წარმოდგენილი კონცეპტი აღჭურვილია ორი ელექტრო ძრავით, რომლის მეშვეობითაც მას 100 კმ/სთ სიჩქარემდე აჩქარებისთვის 5 წამზე ნაკლები სჭირდება. ხოლო მისი ბატარეების წყალობით ავტომობილი შეძლებს 500 კილომეტრი მანძილის დაფარვას. პირველი სერიული ელექტრო-ქროსოვერის წარმოებას კომპანიაში 2019 წლისთვის გეგმავენ.

Mercedes-ის მფლობელი კომპანია "დაიმლერის" ხელმძღვანელის დიტერ ზეტშეს განცხადებით, EQ იქნება დამოუკიდებლად მდგომი სუბ-ბრენდი „მერსედესის“ გამაში ისევე, როგორც AMG და Maybach-ი. მისივე თქმით, კომპანია უახლოეს წლებში აპირებს ათეულობით სხვადასხვა ტიპის ელექტრომობილის წარმოებას და უკვე 2025 წლისთვის ფიქრობს, რომ კომპანიის გაყიდვების 20-25% სწორედ ელექტრომობილებზე მოვა.