დაეცა თუ არა ბანკებისადმი ნდობა?

ბოლო დროს საბანკო სექტორში დიდმა გადაჯგუფებამ მოსახლეობაში არასტაბილურობის განცდა გააჩინა. მართალია, სპეციალისტები განსხვავებულად ფიქრობენ და ბანკებისადმი ნდობის ხარისხში ეჭვი არ შეაქვთ, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ მომხმარებელი ამ ყველაფერს დაძაბული ადევნებს თვალს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ქვეყნის მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას ბანკებთან სხვადასხვა ვალდებულება გააჩნია და ლარის კურსიც ხალხის საწინააღმდეგოდ თამაშობს.

საბანკო სექტორში მიმდინარე მოვლენებმა მოსახლეობას კითხვები გაუჩინა საფინანსო სექტორის სტაბილურობასთან დაკავშირებით. აშკარაა, რომ წვრილი და საშუალო ბანკების დიდი ნაწილი უკვე ვეღარ პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს. ზოგიერთს უკვე ლიკვიდობის პრობლემაც აქვს და შერწყმა-გაერთიანების პროცესიც ელვის სისწრაფით მიმდინარეობს, რაც ჩვეულებრივი მომხმარებლისთვისაც კი დამაფიქრებელია.

გარდა ამისა, "რეზონანსისთვის" ცნობილი გახდა ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის შიდა კვლევის შედეგებიც. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობას არ აქვს ნდობა კომერციული ბანკების მიმართ, ამიტომაც, გასაგებია, რომ ხალხი მუდმივად შიშის ქვეშაა, რომ საფინანსო ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყება.

საბანკო სფეროს სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ბოლოდროინდელი ვითარება არც ისე საგანგაშოა. 2008 წელს ბანკებისადმი უნდობლობა გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე დღესაა. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ლია ელიავა ამბობს, რომ მომხმარებელს შეუძლია მშვიდად იყოს.

"შეგვიძლია გავიხსენოთ 2008 წლის აგვისტო, როდესაც საქართველოს კომერციული ბანკებიდან დეპოზიტების 40% გაიტანეს, თუმცა უკვე მეორე-მესამე თვეს, ეს დეპოზიტები, პრაქტიკულად, უკან დაბრუნდა. იმ დროს ნამდვილად იყო უნდობლობა კომერციული ბანკების მიმართ და სრულიად საფუძვლიანიც.

რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, ბანკებისადმი ნდობა შემცირებული არ არის. თუ გადავხედავთ მეანაბრეების რაოდენობას, რომელიც გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია, ასევე ფიზიკური პირების დეპოზიტებს, დავრწმუნდებით, რომ მოსახლეობის ნდობა საშუალოზე მაღალია", - განუცხადა "რეზონანსს" ელიავამ.

სპეციალისტის აზრით, ნდობა გაცილებით ნაკლებია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ. ხალხი კი ხშირად ვერ ანსხვავებს ბანკსა და მიკროსაფინანსოს.

"ბანკებისგან განსხვავებით ძალიან შემცირებულია ნდობა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრივ. უნდა ითქვას, რომ ხალხი უმეტესად ვერ ანსხვავებს ერთმანეთისგან ბანკს და მიკროსაფინანსოს. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა, რომ საბანკო სექტორს დღეს ეჭვის თვალით უყურებენ. სინამდვილეში მათდამი ნდობა ნამდვილად არ არის შემცირებული.

უნდა ითქვას, რომ ბანკებში სესხის აღება, მართალია, შედარებით რთულია, მაგრამ საპროცენტო განაკვეთიც არის მნიშვნელოვნად დაბალი, ვიდრე სხვა საფინანსო ინსტიტუტებში. ამიტომ გადაჭრით იმის თქმა, რომ მოსახლეობა აღარ ენდობა ბანკებს, არ შეიძლება", - ამბობს ლია ელიავა.

ექსპერტის აზრით, ე. წ. "ჯიბის ბანკები" ამინდს ვერ ქმნიდნენ ფინანსურ ბაზარზე. ამიტომ მათი სხვა კომერციულ ბანკებთან გაერთიანება არ შეიძლება ნეგატიურ ცვლილებად ჩაითვალოს. ამგვარი გადანაცვლებით მოსახლეობა ბევრად კმაყოფილი დარჩება.

"ის კომერციული ბანკები, რომლებიც სინამდვილეში გაკოტრდნენ და იყიდეს მხსვილმა ბანკებმა, ამინდს ვერ ქმნიდნენ. "საქართველოს ბანკს" და "თიბისის" დღეს ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. დანარჩენი "ჯიბის ბანკები" მუშაობდნენ თავიანთი მეპატრონეებისათვის ან სულს ღაფავდნენ, რადგან მათი მფლობელები არ აპირებდნენ ბანკის ფეხზე წამოყენებას. ამიტომაც მათი ვალდებულებები თავის თავზე აიღეს მყიდველმა ბანკებმა. ეს ცვლილება ნამდვილად არ იქნება ნეგატიური", - განუცხადა "რეზონანსს" ელიავამ.

ბანკებისადმი უნდობლობის მიზეზს ვერ ხედავს ექსპერტი დავით ასლანიშვილიც. მისი აზრით, შიდა კვლევამ კი ასეთი შედეგი იმიტომ მოიტანა, რომ ბანკები ნაკლებად მუშაობენ მომხმარებლებთან.

"შეიძლება მართლაც უკმაყოფილონი არიან მომხმარებლები, რადგან საპროცენტო განაკვეთი არის მაღალი. კლიენტების დაბალი ნდობა თავად ბანკების ბრალიცაა, რადგან ისინი ნაკლებად აქტიურობენ. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს მოსახელობას ჯამურად მილიარდობით თანხა აქვს განთავსებული დეპოზიტების სახით ანგარიშებზე, ბანკებისადმი ნდობა შემცირებული არ არის", - აღნიშნა დავით ასლანიშვილმა.

კომერციული ბანკების გაერთიანებაში იგი პრობლემას ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ ამგვარ გადაჯგუფებას მომხმარებელში არასტაბილურობის განცდა არ გამოუწვევია.

"დღემდე საქართველოში მოქმედებდა ოცამდე კომერციული ბანკი და რომ დავფიქრდეთ, მეეჭვება ამ ოციდან ნახევარის სახელიც კი გავიხსენოთ. მომსახურების ფართო სპექტრით მხოლოდ რამდენიმე მათგანი გამოირჩევა: "თიბისი", "საქართველოს ბანკი", "რესპუბლიკა", "ლიბერთი", "ქართუ", "ბაზის ბანკი", "პროკრედიტი" და "ვითიბი". დანარჩენები რეალურად ამინდს არც ქმნიდნენ და სიმართლე თუ გინდათ, ისინი მიკროსაფინანსოს კატეგორიაშიც შეგვიძლია გავიყვანოთ.

ახლა ბაზარზე პირველობისთვის ბრძოლა გაჩაღდა, რაც ხალხისთვის არ არის ცუდი, პირიქით, ეს ნიშნავს, რომ ერთმა უნდა აჯობოს მეორეს ხარისხში. ჯანსაღი ბრძოლა ხელს შეუწყობს საუკეთესოს, რათა გადაწონოს თავის მხარეს კლიენტურა. ამ დროს არასტაბილურობასთან კი არა, ნდობის ამაღლებასთან გვექნება საქმე", - განაცხადა ექსპერტმა ასლანიშვილმა.

ანალოგიურად ფიქრობს "ახალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელი პაატა შეშელიძე, რომლის შეფასებითაც მსგავსი გადაჯგუფება მხოლოდ დადებითის მომტანია მომხმარებლისათვის და არ წარმოშობს უნდობლობის მიზეზს.

"ჩემი დაკვირვებით, გამსხვილებას უფრო მეტი სიკეთე მოაქვს, ვიდრე პრობლემა. მათი შეთავაზება გაცილებით ხელსყრელი აღმოჩნდება კლიენტებისთვის. ამ გადაჯგუფებით წვრილი ბანკის მომხმარებლები უფრო დაცულნი იქნებიან და არანაირ უნდობლობას არ გამოიწვევს მომხმარებელში", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას პაატა შეშელიძემ.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"