აგვისტოში ვადაგადაცილებული სესხები 3.2 მლნ ლარით გაიზარდა

აგვისტოში ვადაგადაცილებული სესხები 3.2 მლნ ლარით გაიზარდა და 421.8 მლნ ლარს გაუტოლდა , - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ აგვისტოს ”თვის მიმოხილვაში”.

მიმოხილვის თანახმად, 2016 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 188.7 მლნ ლარით შემცირდა და 15.99 მლრდ ლარს გაუტოლდა.

”კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 6.7 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 8.5 პროცენტი იყო. საკრედიტო პორტფელის კლებაზე გავლენა მოახდინა უცხოური ვალუტით გამოსახული სესხების ლარით გამოსახული მაჩვენებლის კლებამ. აგვისტოს ბოლოსთვის, საკრედიტო პორტფელის 79.8 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა. რომლის 70.4 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 40.3 პროცენტს შეადგენდა. საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 151.7 მლნ ლარით (2.8 პროცენტით) გაიზარდა და 5.65 მლრდ ლარს გაუტოლდა”, - ნათქვამია მიმოხილვაში.

მიმოხილვის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 60.4 მლნ ლარით (1.1 პროცენტით) გაიზარდა და 5.71 მლრდ ლარს გაუტოლდა. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა აგვისტოში 32.0 მლნ აშშ დოლარით (0.7 პროცენტით) შემცირდა და პერიოდის ბოლოს 4.61 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 58.3 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 84.4 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს.

”უცხოური ვალუტით დაკრედიტების კლება, ძირითადად იურიდიული პირების დაკრედიტების კლებით არის გამოწვეული”, - ნათქვამია მიმოხილვაში.

ამასთან, აგვისტოში ვადაგადაცილებული სესხები 3.2 მლნ ლარით გაიზარდა და 421.8 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.5 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 37.5 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 64.0 პროცენტს გაუტოლდა.