ხელვაჩაურში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ხელვაჩაურში მეწყრული პროცესები წუხელ ღამით ექვს სოფელში განვითარდა, თუმცა გადაადგილების პრობლემა არც ავტომობილს და არც ქვეითად მოსიარულეებს არ შექმნია , - ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რამდენიმე დღეა აჭარის მთელ ტერიტორიაზე გადაუღებლად წვიმს, რის შედეგადაც მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მეწყერული მოვლენები განვითარდა. განსაკუთრებით სტიქია შეეხო ხელვაჩაურის, ქედისა და შუახევის მოსახლეობას.

”ხელვაჩაურში მეწყრული პროცესები წუხელ ღამით ექვს სოფელში განვითარდა, თუმცა გადაადგილების პრობლემა არც ავტომობილს და არც ქვეითად მოსიარულეებს არ შექმნია. ადგილზე ვითარება უკვე შეისწავლეს გამგეობის სპეციალისტებმა. გაწმენდითი სამუშაოები გამთენიისას დაიწყო. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 10-მდე ლოკაციაზე საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ამჟამად ტექნიკის საშუალებით მიწის მასისგან იწმინდება სოფელ სარფში კალენდერეს დასახლება, ზედა ჯოჭოს, ახალშენის, კიბეს და ორთაბათუმის ტერიტორიები. ასევე სოფელ ხეღრუში საავტომობილო გზა. პარალელურად მიმდინარეობს ზარალის ოდენობის დათვლა. სოფლებში, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა, სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი, მოადგილეები და გეოლოგები სწავლობენ არსებულ ვითარებას. ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში საგანგებო ვითარებაში მუშაობენ გამგებლის წარმომადგენლები”, - განაცხადეს აჭარის მთავრობაში.

მათივე ინფორმაციით, მესამე დღეა გადაუღებლად წვიმს შუახევშიც. მთებში ჩამოთოვა. ჭარბი ატმოსფერული ნალექის შედეგად მეწყერული პროცესები განვითრდა შვიდ ობიექტზე. სოფელ ტაკიძეების ორ უბანში. რამდენიმე ლოკაციაზე დააზიანდა საავტომობილო გზები. მიწის მასა ჩამოიშალა სოფელ ჭვანაში, ჭვანა-წყალსაყრის გზის დასაწყისში, სოფლების - ნიგაზეულის, ნენიის, წაბლანას გზებზე. აღნიშნულ მონაკვეთებზე მოძრაობა არ შეფერხებულა. მუნიციპალიტეტის გამგეობაში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ამ დროისათვის ელექტროენერგია ყველა სოფელს და დასახლებულ უბანს მიეწოდება.

”აჭარის ტერიტორიაზე ბოლო მონაცემებით რთული ვითარებაა და რაოდენობრივად ყველაზე მეტ ლოკაციაზე განვითარდა მეწყერი ქედის მუნიციპალიტეტში. ამ დროისათვის გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს ქედის სხვადასხვა თემში 7 მიმართულებით. გამოდარებისთანავე დაიწყება მუშაობა ხარაულაში, ასევე ჯალაბაშვილებსა და ჯაიმელაში, სადაც 6-6 ოჯახია უგზოდ დარჩენილი. ზედა მახუნცეთში, ბელტაური-დავითაძეების მიმართულებით და სოფელ გულებში ორ მოსახლესთან მიმავალი გზა გაიწმინდება”, - განაცხადეს აჭარის მთავრობაში.

მათივე ინფორმაციით, ელექტროენერგია და სასმელი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება ქედის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს.

”ამ დროის მონაცემებით ყველა ცენტრალური მნიშვნელობის გზა გაწმენდილია, მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდა. განვითარებულ მეწყერულ პროცესებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისათვის მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტის, გარემოს დაცვის სამმართველოს და მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები”, - განაცხადეს აჭარის მთავრობაში.