როსტოვსა და თბილისს შორის ავიარეისები შესრულდება

როსტოვი-თბილისი-როსტოვის საჰაერო ხაზზე 1 ნოებრიდან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „პობედა ეარლაინზი“ რეისებს შეასრულებს.

საჰაერო ხომალდი Boeing 737-800 კვირაში 3-ჯერ, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს იფრენს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისთვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.

„პობედა ეარლაინზი“ ოპერირებას ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე - 2017 წლის 25 მარტამდე გეგმავს.

საქართველოსა და რუსეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის 2015 წლის აპრილში გამართული ტექნიკური კონსულტაციების შედეგად, ქართულ ავიაკომპანიებს რეგულარული ფრენების განხორციელების უფლება რუსეთის 7 ქალაქში, კერძოდ მოსკოვში, პეტერბურგში, სამარაში, ეკატერინბურგში, სოჭში, როსტოვსა და მინვოდში მიეცათ. რუსული კომპანიებისათვის კი თბილისის გარდა ბათუმისა და ქუთაისის მიმათულებები გაიხსნა.