დღეიდან ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონის რეგისტრაცია სავალდებულო გახდა

1-ელი ოქტომბრიდან ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონის რეგისტრაცია სავალდებულო გახდა. ცვლილება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შედის, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, ინფექციების პრევენციისა და სანიტარული ნორმების დაცვის მიზნით. ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ ბრიფინგი ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ გამართა.

როგორც ვალერი კვარაცხელიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ცვლილების შესაბამისად, ინფექციების პრევენციის მიზნით ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრები 1-ელ ოქტომბრამდე ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ. ამისათვის საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიმართონ.

ვალერი კვარაცხელიას ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების მიერ რეგისტრაციის გავლა, მოხდება მათი დაჯარიმება.

„ჯარიმები იწყება 50 ლარიდან და არის 1000 ლარამდე. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენჯერ მოხდება დარღვევა“, - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.

მისივე ინფორმაციით, სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების მფლობელების ინფორმირება რამდენჯერმე მოხდა. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია უფასოა.