„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტებზე საუბრობს

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში, რომელიც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ეკუთვნის და ორი წელია შეიქმნა, ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტებზე ანგარიშს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, მომხმარებელთა ინტერესების დამცველის აპარატში მომუშავე 9 ადამიანიდან 4 - პარლამენტში მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების“ დეპუტატების - ზურაბ ტყემალაძისა და დიმიტრი ხუნდაძის ახლობელია.

კერძოდ, საუბარია დიმიტრი ხუნდაძის შვილზე, ზურაბ ტყემალაძის ძმის შვილიშვილზე, ნათლულსა და თამთა ტეფნაძეზე, რომელიც ზურაბ ტყემალაძის კომიტეტის ყოფილი თანამშრომელია. ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ საკონკურსო კომისიაში, რომელიც საზოგადოებრივ დამცველს ირჩევდა, თავად ტყემალაძეც მონაწილეობდა.

გარდა ამ ოთხი ადამიანისა, მომხმარებელთა ინტერესების დამცველის თანაშემწედ მისი მეჯვარე, ნათია ფანგანი მუშაობს, რომელიც აპარატში 2015 წელს დაინიშნა.

2015 წელს აპარატში მიღებულ სამ ახალ თანამშრომელს შორის არიან: დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯომარის, ზურაბ ტყემალაძის ნათლული - ილია რთველიაშვილი და ზურაბ ტყემალაძის ძმის შვილიშვილი - ირინა ტყემალაძე. ისინი შტატგარეშე თანამშრომლები არიან.

დამცველის აპარატში დასაქმებულია ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის ვაჟი გიორგი ხუნდაძეც. რომლის დანიშვნის მიზეზად თავად ტეფნაძემ ხუნდაძის განათლება დაასახელა, რაც სამსახურს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში გამოადგებოდა.

თაია არდოტელი