Aston Martin -მა 1,7 მილიონად ღირებული იახტა წარმოადგინა

სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა ბრიტანულმა Aston Martin-მა, მონაკოში მიმდინარე იახტების გამოფენაზე, საკუთარი წარმოების პირველი იახტა წარმოადგინა.

როგორც Financial Times-ი წერს, კომპანია Quintessence Yachts-ის დიზაინერებისა და Aston Martin-ის მიერ წარმოდგენილი იახტის ღირებულება 1,7 მილიონი დოლარია. მოდელი სახელწოდებით AM37 მაქსიმალურ, 92,6 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს და 37 ფუტი სიგრძისაა (11 მეტრი). იახტა 8 ადამიანს იტევს და კომპანიის თანახმად, აბსოლუტურ კომფორტს გვთავაზობს.

ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის ასეთი მასშტაბური სახეცვლილება გამოწვეულია კომპანიაში მიმდინარე ფინანსური დანაკარგებით. ჯერ კიდევ გასულ წელს Aston Martin-მა 128 მილიონი გირვანქა სტერლინგით იზარალა. მიმდინარე წელი ზედიზედ მეხუთე წამგებიანი წელია კომპანიისთვის და იმედოვნებენ, რომ მოგებაზე გასვლას 2018 წელს შეძლებენ.

„ამ პროექტით Aston Martin ლუქს ბრენდებს შორის მის პირველობას უსვამს ხაზს,“ - განაცხადა კომპანიის კრეატიულმა დირექტორმა მარეკ რეიჩმენმა და დასძინა, რომ ლუქს კლასის სპორტულ ავტომობილებზე მოთხოვნა მცირდება.

კოკა კვირკველია