„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ”თელასის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებით, კომპანიას ვაშლიჯვრის დასახლებაში და მიმდებარე ტერიტორიაზე არანაირი სამუშაოები არ უწარმოებია. აღნიშნული კომპანიის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

„დღეს, 1 ოქტომბერს, „თელასის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქ.თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში 4000-მდე აბონენტი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიზეზით.

შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კატეგორიულად აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან ამ დღეებში ვაშლიჯვრის დასახლებაში და მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანიას არანაირი სამუშაოები არ უწარმოებია.

უმჯობესი იქნებოდა, ინფორმაციის გავრცელებამდე აღნიშნული საკითხი სს „თელასს“ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ გადაემოწმებინა.

ვიმედოვნებთ, რომ „თელასი“რეალობის ამსახველ შესაბამის განცხადებას მაქსიმალურად მოკლე ვადაში გააკეთებს.

მოვუწოდებთ ყველა ორგანიზაციას, ნუ შეიყვანენ მოსახლეობას შეცდომაში და თავი შეიკავონ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებისაგან შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ გადამოწმების გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.