საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდება.
ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც დღეს ანაკლიაში გაიმართება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და კურტ კონტი, ასევე, კომპანია Van Oord-ის რეგიონული დირექტორი გოვერტ ვან ოორდი დაესწრებიან.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური რამდენიმე ეტაპად აშენდება. პროცესი 9 ფაზას მოიცავს. პორტი 400 ჰექტარის ფართობზე შენდება და მისი მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მილიონი ტონა იქნება. ნავსადგური 2020 წელს გაიხსნება.