ქართული მატყლის მომავალი

ჩვენი ქვეყნისთვის ცხვრის კულტურას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა, მეურნეობის ეს დარგი ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში უკან და უკან მიდიოდა. არადა, მატყლისგან დამზადებული ქსოვილი ერთ-ერთ ძვირად ღირებულ პროდუქციად ითვლება და მასზე მოთხოვნილებაც იზრდება. დღეისთვის მსოფლიოში დაახლოებით 1,3 მილიონ ტონა მატყლს აწარმოებენ და აქედან 60% ტანსაცმლის წარმოებაზე მოდის. ქართული მატყლი ჯერჯერობით არც ამ პროცესში მონაწილეობს, - მართალია, დაუმუშავებელი ქართული მატყლის გატანა ევროკავშირის ბაზარზე დაუშვეს, მაგრამ მატყლისგან თანამედროვე ტანსაცმლის წარმოებას მაღალგანვითარებული ტექნოლოგიები სჭირდება, რომელთა შესახებ ბოლო დრომდე არც კი გვიფიქრია.

მატყლის ბოჭკო ცხვრის გაპარსვისთანავე ზიანდება, - ჩვენ ხომ ცხვარს კვლავ მამაპაპური დუქარდით ვპარსავთ, ის კი მატყლს გაპარსვისთანავე აფუჭებს. მართალია, ბოჭკოდაზიანებული მატყლით ჩვენი წინაპრები მშვენიერ წინდებსა თუ სხვა ტანსაცმელს იქსოვდნენ, მაგრამ დღეს ეს საკმარისი აღარ არის. გარდა ამისა, დუქარდით პარსვას დიდი დრო მიაქვს, ცხვარსაც ღლის და ადამიანსაც.

ასე რომ, თვალებს არ დავუჯერე, როცა ახმეტაში ალვანელ მპარსავებს თანამედროვე ცხვრის საპარსები დავუნახე­ და ჩემ თვალწინ ჩასუქებული ჭედილები სულ 3 წუთში დაპარსეს. ისიც შევამჩნიე, რომ ცხვრებს პარსვა სპა-მასაჟივით სიამოვნებდათ და განაბული იყვნენ. ვკითხე კიდეც თუშ მპარსავებს, მე მეჩვენება, თუ ამ ცხვრებს პარსვა სიამოვნებთ-მეთქი და დამიდასტურეს, ასეაო. ასე რომ, ოთხფე­ხებისთვის ნამდვილი "ლას-ცხვრეგასი" იყო მოწყობილი ანდრო ვარდოშვილის ფარეხში.

ბესო ლაგაზიძემ (ცხვრის მპარსავების კოოპერატივის თავმჯდომარე) გამანათლა:

- თანამედროვე საპარსებით ცხვარი 3 წუთში იპარსება. ამიტომაც არც ცხვარი იღლება და არც გამპარსავს აწვალებს. დუქარდით ერთი ცხვრის პარსვას ბარე 15 წუთი სჭირდება და ადამიანიც ღონდება და ცხვარიც, იმიტომაც ებრძვის მეცხვარეს, იწევს, გეყოფა, აღარ გინდა, ახლა გამიშვიო.

იმიტომაც არის ჩვენთვის და ჩვენი ცხვრისთვის შვება თანამედროვე საპარსები, თანაც დაახლოებით ხუთჯერ ნაკლებ დროში იპარსება ცხვარი და მატყლიც ბევრად ხარისხიანია.

- მაგრამ ახალი საპარსები იაფი არ უნდა იყოს.

- შარშან ახმეტის გამგეობაში გვი­თხრეს ჩეხებს თქვენი დახმარება სურთ, ცხვრის 24 საპარსს უსასყიდლოდ გადმოგცემენ, მაგრამ ამისთვის მპარს­ა­ვების კოოპერატივი უნდა შექმნათო. საპარსები­ ჩეხურმა ორგანიზაცია "კარიტასმა" გადმოგვცა, რომელიც განვითარებაში ეხმარება ჩვენისთანა ქვეყნებს, ვისაც, მაგალითად, სოფლის მეურნეობის აღორძინება სურს. ერთი სიტყვით, მეცხვარეებსა და ფარის მეპატრონეებს ამ უცხო ხალხმა ისეთი საქმე გაგვიკეთა,­ ამის დაუნახაობა არ იქნება: დაგვასვენა ცხვრის პარსვისას, ახლა არც ჩვენ ვწვალობთ, არც ცხვარი, არც ნაპარსი მატყლია ნაწვალები და დანაკუწებული, ხარისხიანი გამოდის. მართალია, მატყლის დიდი ნაწილი ჯერაც იყრება, რადგან გასაღების არეალი ვიწროა, მაგრამ როცა ქართული მატყლის დამუშავებისა და გარეთ გატანის საკითხი დადგება, სწორედ ასეთი ნაპარსი დაგვჭირდება.

- კოოპერატივის ჩამოყალიბება ჩვენში ჯერ კიდევ სირთულედ ითვლება, სიახლე ძნელად მკვიდრდება. ხალხი ამბობს, კოოპერატივში ბევრი ხალხია და მოგებიდან ვის რა უნდა დარჩესო!

- ყველა საკუთარი ჭკუით ცხოვრობს. თუშებსაც ჩვენი ჭკუა აღმოგვაჩნდა და ამ ჭკუამ 9 კაცს კოოპერატივის შექმნა მოგვაწონებინა.

უკვე მეორე წელია, ჩვენს კოოპერატივს ცხვრის გასაპარსად გვეძახიან მეცხვარეები. ცხვრის ახალი აპარატებით პარსვა ჩეხებმა გვასწავლეს, სპეციალური ტრენერი, პროფესიონალი სლოვაკი მპარსველი, იან სმოლნიკი ჩამოგვიყვანეს. ძალიან მაგრად პარსავდა, სამუხში ჩვენთან ერთად. იანმა გვითხრა, მე და ჩემი ოჯახი თავს ცხვრის პარსვით ვირჩენთო.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 3 ოქტომბრის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ეთერ ერაძე