სასაწყობე მეურნეობის ახალი სტანდარტები საქართველოში

თბილისში, დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი, სასაწყობე-ლოგისტიკური ცენტრი Smart Warehouse გაიხსნა. პროექტში რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია A logistics company-მ განახორციელა. კომპანია თბილისში ერთ-ერთი ლიდერი სასაწყობე-ლოგისტიკური კომპანიაა და რამდენიმე ლოკაციას აერთიანებს. დეტალებით ,,ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა. ახალი პროექტის შესახებ A logistics company-ის მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერს, შოთა ჯინჭარაძეს ვესაუბრეთ.

რამდენი ხანია, რაც თქვენი კომპანია არის ქართულ ბაზარზე და როდის დაიწყეთ ახალ პროექტზე მუშაობა?

bpn- ჩვენი კომპანია 10 წელზე მეტია, სასაწყობე-ლოგისტიკურ საქმიანობას ეწევა და დაახლოებით 40 000 კვ.მ სასაწყობე მეურნეობას აერთიანებს. წარმატებული ბიზნესის ლოგისტიკა არის ის ძირითადი მახასიათებელი, რაც ყველა ჩვენს პარტნიორ კომპანიებს ახასიათებთ, მათ შორის არიან „შარმ ტრეიდინგი“, „სუპერი“, „ვულე-ვუ“ და მრავალი სხვა. რაც შეეხება დიღმის პროექტს, ის დაიწყო 2015 წლის ბოლოს და გასულ თვეში დასრულდა.

- რას სთავაზობს კომპანია მომხმარებლებს ახალ ლოკაციაზე და როგორია თანამედროვე სტანდარტების შენობა?

- Smart Warehouse-ში არსებული 6 000 კვადრატული მეტრი ფართობის, მშრალი სასაწყობე ტერიტორია, უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი და არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ, საერთაშორისო სტანდარტების მქონე კომპანიების საკვალიფიკაციო მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. იმისათვის, რომ სასაწყობე მეურნეობა ყოფილიყო მოქნილი და მოსახერხებელი, მთლიანი შენობა ბაქანზე დგას და ეს ნებისმიერ პარტნიორ კომპანიას საშუალებას აძლევს, ტვირთის განთავსება დაბრკოლების გარეშე, მარტივად მოახერხოს.

- რამდენად არის მოთხოვნა მაღალი სტანდარტების სასაწყობე მეურნეობაზე საქართველოში?

- აღსანიშნავია, რომ მოთხოვნა, მსგავსი ხარისხისა და სტანდარტების საწყობზე, მაღალია, მშენებლობა დასრულებულიც კი არ იყო, როდესაც ფართის თითქმის 80% ბიზნესმა იჯარით აიღო.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ საერთო ფართის თითქმის 80% უკვე ათვისებულია, რომელი კომპანიები თანამშრომლობენ თქვენთან და ახალ მოიჯარეებთან თუ მიმდინარეობს მოლაპარაკებები?

- დიღომში განთავსებულ სასაწყობე მეურნეობაში ჩვენი პარტნიორია რამდენიმე წამყვანი კომპანია, მათ შორის ,,სუფთა სახლი,” ,,ორი ნაბიჯი” და ,,დელტა დისთრიბუშენი”. ამ ეტაპზეც მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები, მათ შორის რამდენიმე ევროპულ ბრენდთან.

- ინვესტიციის გაზრდას და სასაწყობე მეურნეობის გაფართოებას თუ გეგმავთ?

- ამ ეტაპზე რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია უკვე ჩადებულია, თუმცა, ინვესტიციის გაზრდა, ბაზარზე არსებული მოთხოვნის გამო, კვლავ იგეგმება. (R)

bpn

ქრისტინე გამთენაძე