2016 წლის მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური უნივერსიტეტები

„როიტერმა“ მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური უნივერსიტეტების რეიტინგი გამოაქვეყნა.

ზედიზედ მეორე წელია კალიფორნიაში მდებარე სტენფორდის უნივერსიტეტი მსოფლიოს ყველაზე ინოვაციურ უნივერსიტეტად დასახელდა. თავის დროზე სწორედ სტენფორდში მიიღეს განათლება „გუგლის“ თანადამფუძნებელმა ლარი პეიჯმა და „ფეიფალის“ თანადამაარსებელმა პიტერ ტეილმა. 2012 წლის კვლევის თანახმად, ყველა კომპანია, რომელიც სტენფორდის კურსდამთავრებულებმა შექმნეს, წლიურად ჯამში 2.7 ტრილიონ დოლარ მოგებას ნახულობს. პირველ ადგილს უნივერსიტეტი არ თმობს ახალი პატენტების და ნაშრომების გავლენიანობის გამო, რომელსაც აკადემიურ სივრცეში ყველაზე მეტად იყენებენ და ენდობიან.

ყველაზე ინოვაციური უნივერსიტეტების რეიტინგში მეორე პოზიცია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტს ერგო, სადაც გასულ საუკუნეში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებები გაკეთდა, მათ შორის ციფრული კომპიუტერები და ადამიანის გენური პროექტი, მესამე კი ჰარვარდის უნივრსიტეტია - ამერიკის უძველესი უნივერსიტეტი, რომელმაც 380-წლიანი ისტორიის მანძილზე ნობელის 47 ლაურეატი აღზარდა.

პირველ ხუთეულში ასევე დასახელდნენ ტეხასის უნივერსიტეტი და ვაშინგტონის უნივერსიტეტი.

ქეყნების მიხედვით რეიტინგს ამერიკა დომინირებს, რომელიც 46 უნივერსიტეტითაა წარმოდგენილი. მეორე ადგილზეა იაპონია ცხრა უნივერსიტეტით, მესამეზე საფრანგეთი და სამხრეთ კორეა - რვა-რვა უნივერსიტეტით, გერმანია - 7 უნივერსიტეტით, დიდი ბრიტანეთი - 5, შვეიცარია, ბელგია და ისრაელი - 3, დანია, ჩინეთი და კანადა - ორი, ჰოლანდია და სინგაპური კი თითო-თითო უნივერსიტეტით.

აშშ-ის შემდეგ, ყველაზე მაღალი შეფასება სამხრეთ კორეულმა მეცნიერების და ტენოლოგიის ინსტიტუტმა მიიღო, რომელიც რეიტინგში მეექვსე ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ყველაზე ინოვაციური უნივერსიტეტებს შორის მეცხრე პოზიცია ერგო ბელგიაში მდებარე ლუვენის უნივერსიტეტს, რომელიც მეხუთე საუკუნეში რომის პაპმა მარტინ მეხუთემ დააარსა და მსოფლიოში უძველესი კათოლიკური უნივერსიტეტია. თუმცა თანამედროვე სამეცნიერო კვლევით მისიაში ეკლესია არ ერევა.

რეიტინგში ტრადიციულად ის საგანმანათლებლო ინსტიტუტები ხვდება, რომლებიც მეცნიერების განვითარებაში, ახალი ტექნოლოგიების გამოგონებასა და გლობალური ეკონომიკის გამართვაში იღებენ მონაწილეობას. რეიტინგი ქვეყნდება ემპირიულ მონაცემებზე დაყრდნობით, როგორიცაა პატენტების რაოდენობა და სამეცნიერო ნაშრომის ციტირების ინდექსი.

რეიტინგში მოხვედრილი ყველა უნივერსიტეტი აწარმოებს ორიგინალურ კვლევებს, ქმნის სასარგებლო ტექნოლოგიებს და ახდენს გლობალური ეკონომიკის სტიმულაციას.