2015 წელს არაკომეციული ორგანიზაციების სექტორის ბრუნვის მოცულობამ დამხმარე კომერციული საქმიანობიდან 96,0 მლნ ლარი შეადგინა

დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2015 წელს არაკომეციული ორგანიზაციების სექტორის ბრუნვის მოცულობამ დამხმარე კომერციული საქმიანობიდან 96,0 მლნ ლარი შეადგინა , რაც 0,7%-ით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს.

საქსტატის ინფორმაციით, არაკომერციული ორგანიზაციები წარმოადგენენ საქონლისა და მომსახურების მწარმოებელ იურიდიულ პირებს ან სოციალურ ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან ორიენტირებულნი ინსტიტუციური ერთეულებიდან მოგების ან ფინანსური კეთილდღეობის მიღებაზე.

არაკომერციული ორგანიზაციების პროდუქციის ძირითადი ნაწილი რეალიზდება უფასოდ ან ეკონომიკურად უმნიშვნელო ფასებში. აღნიშნული არაკომერციული ორგანიზაციები იმყოფებიან თვითდაფინანსებაზე და სახსრებს ძირითადად იღებენ შემოწირულობებისა და საკუთარი წევრების შენატანების სახით.

ისინი შემოსავლებს იღებენ აგრეთვე ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალური და ფინანსური აქტივებიდან. არაკომერციულ ორგანიზაციებს აქვთ დამხმარე კომერციული საქმიანობის უფლება.

ბრუნვის მოცულობაში ყველაზე დიდი წილი მოდის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების დარგზე (35,2%), აგრეთვე, განათლების (29,0%), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის (25,6%), უძრავი ქონებით ოპერაციების, იჯარისა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის (7,3%) დარგის ორგანიზაციებზე.

ბრუნვის მოცულობა დაახლოებით 2-ჯერაა გაზრდილი ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის დარგში, 47,7% განათლების დარგში, 40,9% - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების დარგში, 22,1% დამამუშავებელი მრეწველობის დარგში, 19,5% - ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა დარგში.

პროდუქციის (საქონლისა და მომსახურების) გამოშვების მოცულობამ არაკომერციული ორგანიზაციების სექტორში 2015 წელს 790,4 მლნ ლარი შეადგინა (აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაზრდილია 18,0%).

პროდუქციის გამოშვებაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩეოდა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის (42,7%), ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების (33,5%), განათლების დარგისა (14,9%) და ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის დარგის (6,4) ორგანიზაციები.

არაკომერციულ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობამ 2015 წელს 52,8 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 51,5 პროცენტი ქალია, ხოლო 48,5 პროცენტი კაცი. აღნიშნული მაჩვენებელი 2014 წელთან შედარებით 0,8 პროცენტითაა გაზრდილი.

დასაქმებულთა ყველაზე დიდი ნაწილი – 47,5% – კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგის ორგანიზაციებზე მოდის. 28,1% - განათლების დარგის ორგანიზაციებზე, 13,1% - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების დარგის ორგანიზაციებზე, ხოლო დანარჩენი 11,3% სხვა დარგებში ნაწილდება.

დასაქმებულთაგან დაქირავებულია 50,5 ათასი (მათ შორის ქალია 52,0%). დაქირავებულთა რაოდენობა 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით შემცირებულია დაახლოებით 2%.