„დოიჩე ბანკი“ გერმანიაში ათასამდე თანამშრომელს შეამცირებს

უახლოეს პერიოდში გერმანული „დოიჩე ბანკი“ გერმანიაში ათასამდე თანამშრომელს შეამცირებს.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, მასობრივი შემცირებები პირველ რიგში ე.წ. ბექოფისის თანამშრომლებს შეეხებათ. „დოიჩე ბანკის“ ხელმძღვანელის ჯონ კრაიანის განცხადებით, 2016 წელი ბანკისთვის რესტრუქტურიზაციის წელი იქნება.

გასული წლის ბოლოს კრაიანმა გამოაცხადა, რომ „დოიჩე ბანკი“ 9 ათას თანამშრომელს შეამცირებდა, მათ შორის 4 ათასს გერმანიაში, დანარჩენს კი მსოფლიოს სხვა ქვეყნებში წარმოდგენილ „დოიჩე ბანკში“.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ „დოიჩე ბანკი“ მოლაპარაკებებს დაიწყებს აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსთან ჯარიმის დარეგულირების საკითხზე.

სექტემბერში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ Deutsche Bank-ს 14 მილიარდი დოლარის გადახდა მოსთხოვა კომპენსაციის სახით. უწყებაში მიიჩნევენ, რომ გერმანიის უმსხვილესი ბანკი ერთ-ერთი იყო იმ საკრედიტო დაწესებულებებს შორის, რომლებმაც ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის დროს თაღლითური სქემები განახორციელეს და ამით 2008 წელს მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაწყებას შეუწყეს ხელი.

თუმცა, „დოიჩე ბანკმა“ უარი თქვა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსთვის 14 მილიარდი დოლარის გადახდაზე.