პარლამენტი ბიუროს სხდომაზე 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს წარადგენს

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენა მოხდება.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განსახილველი საკითხი სწორედ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტია. დოკუმენტი საპარლამენტო უმცირესობის კრიტიკის ობიექტი გახდა იქიდან გამომდინარე, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თქმით, მასში ასახული არ არის „ქართული ოცნების“ დაპირებები და ახალი ინიციატივები. მმართველ გუნდში, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ ახალი ინიციატივები 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტში ასახული ვერ იქნება, ვინაიდან ამას საარჩევნო კანონმდებლობა კრძალავს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტან ხმალაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული აკრძალვა მიმდინარე წლის ბიუჯეტს ეხება და არა მომავლისას, შესაბამისად, კანონის ჩანაწერის არასწორ ინტერპრეტაციასთან გვაქვს საქმე.

„ბიუჯეტის პროექტი ჯერ არ მინახავს. დღეს უნდა დარეგისტრირდეს ბიუროს სხდომაზე და მერე შემიძლია რამე ვთქვა. მე მხოლოდ კომენტარები მაქვს მოსმენილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ დაპირებები არ არის ასახული და შემდეგ მოვისმინე ფინანსთა მინისტრის მოადგილის კომენტარი ამაზე, რომ ვერ იქნებოდა ასახული, ვინაიდან კანონი კრძალავს წინასაარჩევნო პერიოდში ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას. თუმცა თავად ეს ინტერპრეტაცია აკრძალვისა, არა მგონია სწორი იყოს, ვინაიდან აქ საუბარია არა მიმდინარე ბიუჯეტზე, არამედ წარმოდგენილი არის 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.