2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 410 მლნ-ით იზრდება და 10 მლრდ 555 მლნ ლარი იქნება

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, 2016 წელთან შედარებით, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით, 410 მლნ-ით იზრდება და განსაზღვრულია 10 მლრდ 555 მლნ ლარით.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის პირველი ვარიანტი პარლამენტში უკვე შესულია, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 10 მილიარდ 555 მილიონი ლარის ოდენობით, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 9 მილიარდ 520 მილიონ ლარს, გრანტები 135 მილიონ ლარს, ხოლო კრედიტები 900 მილიონ ლარს.

როგორც ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მომავალი წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კონსერვატიული მიდგომით არის დაგეგმილი და 2017 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდის და მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 4%-ს შეადგენს. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 4,5%-ის ფაგრლებშია მოსალოდნელი, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 4.0 %-ის ფარგლებში.

საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 მლრდ 715 მლნ ლარით განისაზღვრა.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 მლრდ 170 მლნ ლარია, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 22,3%-ს შეადგენს. გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელის თანახმად, მომავალ წელს ყველა სახეობის გადასახადი ზრდითაა დაგეგმილი, გარდა სხვა გადასახადისა და ასევე დაახლოებით 450 მლნ ლარით მცირდება მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი და ის განისაზღვრა 523 მლნ ლარით, რაც ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედებას უკავშირდება, ანუ 2017 წლიდან დაიბეგრება მხოლოდ განაწილებული მოგება, რაც ამცირებს მომავალ წელს ამ გადასახადის სახით მისაღები შემოსავლების პროგნოზს.