არჩევნებიდან არჩევნებამდე - რა გაკეთდა საქართველოში 4 წლის განმავლობაში

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბუნებრივია, ყველაზე უფრო კრიტიკული ოპოზიციაა, რომელიც ხელისუფლებას შეუსრულებელ დაპირებებსა და ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული პროექტების სიმწირეს ახსენებს.

მთავრობის წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი წინა ხელისუფლებას „სიზმარშიც არ უნახავს“...

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა სოსო არჩვაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი.

„უნდა ვაღიაროთ, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა - გზები, ხიდები და კომუნიკაციები საქართველოში სუსტად არის განვითარებული, რის გამოც ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა არც ისე მაღალია. არადა, ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის აუცილებელი პირობაა. გეოგრაფიული მდებარეობა მართლაც კარგი გვაქვს, მაგრამ საქართველოს გეოპოლიტიკური და სატრანზიტო ფუნქცია უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები: ჩვენ ვერ ვახერხებთ ამ ფუნქციის ადეკვატური მომსახურება გავუწიოთ საერთაშორისო გადამზიდავ კომპანიებს და ბიზნესს. ინფრასტრუქტურის განვითარებით საქართველო ძალიან ჩამორჩება დაწინაურებულ ქვეყნებს: ჩვენს ქვეყანაში 1 კვ.კმ-ზე დაახლოებით სამჯერ ნაკლები მაგისტრალური გზაა დაგებული, ვიდრე ჩვენს მეზობელ თურქეთში. საბერძნეთთან შედარებით კიდევ უფრო დიდი ჩამორჩენა გვაქვს, აღარაფერს ვიტყვი შვეიცარიაზე და სხვა ევროპულ სახელმწიფოებზე. ამიტომ, მთავრობამ სწორი სტრატეგია აირჩია, როდესაც გზების მშენებლობის ტემპი დააჩქარა. ეს საკითხი წინასაარჩევნო დაპირებებშიც დიდ ადგილს იკავებს. მთავრობა ცდილობს გადაადგილება საქართველოში უფრო კომფორტული, უსაფრთხო და ჩქარი გახდეს, რომ რეგიონებიც მიებას ქვეყნის მთავარ არტერიას და მთაში ცხოვრებაც ისეთივე კომფორტული იყოს, როგორც ბარში“, - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.

ექსპერტის შეფასებით, უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ თუ ჩვენს ბიუჯეტს გადავხედავთ, ყველაფერი ნათელია.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა სოციალური ხარჯები - განსაკუთრებით, სოციალური თუ საპენსიო უზრუნველყოფა, ასევე - განათლების სისტემის ხარჯებიც. როდესაც ბიუჯეტში სოციალური ხარჯების წილი იზრდება, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად ნაკლები თანხა რჩება. რა თქმა უნდა, სოციალურ პროექტებზე უარი არ უნდა ვთქვათ, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა არანაკლებ მნიშვნელოვანია“, - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში მიხეილ დუნდუა კი მიიჩნევს, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში სერიოზული პროექტები განხორციელდა ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობაში და სხვა სფეროებში. უბრალოდ, ამას დანახვა სჭირდება.

„რამდენიმე ასპექტზე მსურს ყურადღება გავამახვილო - პირველ რიგში იმაზე, რომ ჩვენი ეკონომიკა აღარ არის მონოლითური, ის მრავალი მიმართულებით ვითარდება და წინსვლაც აშკარაა: ავიღოთ თუნდაც ღვინის ექსპორტი: 2012 წლიდან დღემდე უფრო მეტი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, ვიდრე 2004-2012 წლებში. ასევეა მინერალური წყლის ექსპორტიც, ხილისა ბოსტნეულის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალიც, ამ 4 წლის განმავლობაში აღემატება 2004-2012 წლების შედეგს. ეს იმიტომ ხდება, რომ ეკონომიკა უფრო დივერსიფიცირებულია, ის არ არის ჩამოკიდებული ერთ რომელიმე პროდუქტზე, მაგალითად, ფერადი ლითონების, ან ავტომობილების ექსპორტზე. რაც შეეხება ბოლო წლებში განხორციელებულ პროექტებს, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი დაგებული გზების მაჩვენებელი. გაზრდილია ავტობანზე მიმდინარე სამუშაოების მოცულობა, როგორც თანხის, ასევე დაგებული კილომეტრების მიხედვით. უნდა აღინიშნოს, რომ გზები დაიგო იმ ადგილებში, სადაც მოსახლეობა ნაკლებად ცხოვრობს, წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით, რომლის პირველი პირები გზის ერთ მონაკვეთს კამერების წინ ორჯერ ხსნიდნენ და მოჩვენებით ეფექტებს ქმნიდნენ“, - ამბობს მიხეილ დუნდუა.

ეკონომისტის თქმით, გაზრდილია ინვესტიციების მოცულობა, ასევე მაღალია სამშენებლო სექტორის განვითარების მაჩვენებელიც:

„აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება ენერგეტიკის სექტორზე: ექსპლუატაციაში შედის ჰესები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოს. ახლაც 60-მდე მემორანდუმია გაფორმებული 88 საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნით. ეს ის პარამეტრებია, რომლებიც ქვეყანაში საინვესტიციო პროცესების გამოცოცხლებაზე მიუთითებს“, - აღნიშნავს მიხეილ დუნდუა.

ექსპერტი აცხადებს, რომ ვერაფრით დაეთანხმება იმ ხალხს, ვისაც ჰგონია, რომ წინა ხელისუფლების დროს უფრო მეტი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდებოდა.

რაც შეეხება წინა ხელისუფლების მიერ წამოწყებულ და ჩაფიქრებულ პროექტებს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა, მიხეილ დუნდუას თქმით, ეს არ იყო რეალური პროექტები, ეს მათი პიარის ნაწილი იყო.

ხათუნა ჩიგოგიძე