"მსოფლიოში გავრცელებული დაავადებების 55% არასრულფასოვანი კვების შედეგია"

კვება - ცოცხალი ორგანიზმებისათვის სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებს, საკვები აძლევს მათ ფიზიკური არსებობისა და აქტიური ცხოველმოქმედების საშუალებას. ე.ი. იგი სიცოცხლის საფუძველი და ენერგიის წყაროა.

ადამიანის ჯანმრთელობისა და აქტიური სიცოცხლისუნარიანობისათვის აუცილებელია დაბალანსებული კვება: ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების მიღება დადგენილი ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისი რაოდენობის მიხედვით, რაც მიიღწევა მრავალფეროვანი სურსათის მოხმარებით ანუ სრულფასოვანი კვებით.

საერთაშორისო ნორმატივების საფუძველზე საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის, მოსახლეობის ტრადიციების, ეროვნული თვისებებისა და ჩვევების გათვალისწინებით, ჩვენი მოსახლეობისათვის დადგენილია შემდეგი ფიზიოლოგიური ნორმები ძირითადი სასურსათო პროდუქციის მოხმარების გათვალისწინებით:

პური - 350 გ/დღ (საერთაშორისო ნორმით იგი 200 გრამია დღეში, მაგრამ ჩვენი ტრადიციისა და ჩვევის გათვალისწინებით დადგინდა 350 გ/დღ), ხორცი და ხორცპროდუქტები - 200 გ/დღ, რძე და რძის პროდუქტები - 960 გ/დღ, თევზი - 50 გ/დღ, ბოსტნეული - 370 გ/დღ, კარტოფილი - 170 გ/დღ, ხილი - 210 გ/დღ, შაქარი - 100 გ/დღ, კვერცხი - 0,66 ც/დღ, მცენ. და ცხოვ. ცხიმი - 30 გ/დღ.

აღნიშნული ნორმები განსაზღვრულია ძირითადად გონებრივი შრომით დაკავებული საშუალო ასაკის, შრომისუნარიანი მამაკაცებისათვის, რაც დღეში იძლევა 2800 კკალორიას. ფიზიკური დატვირთვის მიხედვით სურსათის ნორმებიც შესაბამისად იზრდება.

ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე 25 წლიანმა კვლევებმა გვაჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის მიერ სასურსათო პროდუქციის მოხმარება ფიზიოლოგიური ნორმების მიხედვით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კატასტროფულად დარღვეული იყო და არის დღესაც, კერძოდ, ძალზე დაბალია ცილოვანი პროდუქციის: ხორცის - 2,5-ჯერ, რძის პროდუქტების - 2-ჯერ, თევზის - 4-5-ჯერ, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი პროდუქციის ბოსტნეულისა და ხილის - 2-2,5-ჯერ, ხოლო ფიზიოლოგიურ ნორმაზე თითქმის 2-ჯერ მეტია ნახშირწყლებით მდიდარი, მაგრამ ცილებით, ცხიმებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით ღარიბი პროდუქტის პურის მოხმარება. ყოველივე ეს მიანიშნებს მასზე, რომ მოსახლეობა დაბალი სოციალური პირობების გამო ვერ ახერხებს ძვირადღირებული სასურსათო პროდუქციის (ხორცი, რძის პროდუქტები, თევზი, ბოსტნეული, ხილი) შეძენას და დაბალფასიანი, მაგრამ ყუათიანი საკვებით - პურით იკმაყოფილებს ძირითადად თავის მოთხოვნას საკვებზე (100 გრამი საშუალო სიმსუქნის ხორცი იძლევა 100 კკალ-ს, ხოლო პური - 210 კკალ-ს). ასეთ საკვებ რაციონში პურის წილი 60-70%-ს აღწევს, მაშინ როცა ზოგადად საერთაშორისო ნორმებით მიღებულია პურის დღიური ნორმა - 200 გ/დღეში, რაც საერთო რაციონის კალორიების 15%-ზე მეტს არ შეადგენს. ასეთი არასრულფასოვანი, დაუბალანსებელი კვება ცილოვან დეფიციტთან ერთად ორგანიზმის ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მწვავე ნაკლებობის გამო მთელ რიგ მძიმე დაავადებებს იწვევს. დადგენილია მსოფლიოში გავრცელებული დაავადებების 55% არასრულფასოვანი კვების შედეგია.

ყოველივე ამის შედეგია ის, რომ საქართველოში ყოველწლიურად 700 ბავშვი იღუპება, აქედან 400 ბავშვი დაბადებიდან 1 კვირაში, ხოლო 300 კი - დაბადებიდან 1 წლის განმავლობაში, რაც ძირითადად უკავშირდება კვების დეფიციტთან დაკავშირებულ ფაქტორებს: მცირე წონიანობა, იოდდეფიციტი, ანემია, ფოლიუმის მჟავის დეფიციტი და სხვა (საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ბავშვთა სიკვდილიანობით ევროპაში). საქართველოს რეგიონებს შორის აჭარა და გურია გამოირჩევა ბავშვების ე.წ. "ფარული შიმშილით" - არასრულფასოვანი კვებით, რის შედეგად 20%-ს აღენიშნება შეფერხება ზრდაში, ხოლო რაჭასა და სვანეთში - 15%-ს. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა კახეთსა და თბილისში. ქვეყანაში ბავშვთა 32%-ს იოდდეფიციტური დაავადება, ხოლო ბავშვებისა და ორსული ქალების 25%-ს ანემია აღენიშნებათ (UNICEF-ის მონაცემები).

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს 2013 წლიდან ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებები მოსახლეობის სოციალური პირობების, ცხოვრების დონის სურსათზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით, რამაც ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტის მესამედზე მეტი შეადგინა. გაიზარდა პენსიები, ასაკოვანი პენსიონერებისათვის 65%-ით, შეზღუდული შესაძლებლობის პენსიონერებისათვის 80%-ით, ხელფასები, გაორმაგდა შემწეობები, გაიცა ფულადი დახმარებები, საბავშვო ბაღები გახდა უფასო, მოსწავლეთათვის ყოველწლიურად უფასოდ დარიგდა სახელმძღვალოები, უმაღლეს სასწავლებლებში 21 ფაკულტეტზე სწავლება გახდა უფასო, მშობიარობა გახდა უფასო, დაწესდა უფასო საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა, რის შედეგადაც პენსიონერების რიცხვმა 2013-2015 წლებში 40 ათასით მოიმატა, რაც უპრეცედენტოა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში (ყოველ წელს ათასობით აკლდებოდა). სოფლის მოსახლეობისათვის (რაც მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენს), კერძოდ მცირემიწიან 800 ათას ფერმერს ყოველწლიურად (უკვე 3-ჯერ) უფასოდ დაუხნეს მიწა, მისცეს თესლი, სასუქები, შხამქიმიკატები, პესტიციდები, სასოფლო-სამეურნეო იარაღები და სხვა, კახელმა მევენახეებმა 3 წელიწადში მოსავლისგან მიიღეს 400 მლნ ლარი), შეამცირეს სატრანსპორტო ხარჯები პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველთათვის, გაუორმაგდათ დახმარებები ლტოლვილებს, უნარშეზღუდულ ადამიანებს, 12 ათას ლტოლვილ ოჯახს გადაეცა პირად მფლობელობაში საცხოვრებელი ბინა, საომარ მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახებს დაურიგდათ 100 ათასი ლარი და ყოველთვიურად დაენიშნათ დახმარების სახით 1000 ლარი და სხვა.

ჩამოთვლილი უპრეცედენტო სოციალური პროგრამების განხორციელების მიუხედავად, რასაც ბუნებრივია უნდა გამოეწვია სურსათზე მათი ხელმისაწვდომობის შესამჩნევი გაუმჯობესება, გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ 2013-2015 წლებშიც მოსახლეობის კვების რაციონი ფაქტიურად არ გაუმჯობესებულა და თითქმის იგივე დარჩა. განსაკუთრებით საყურადღებოა ცილების ძირითადი მიმწოდებელი პროდუქტების: ხორცის, რძის პროდუქტების, კვერცხის, ასევე ვიტამინებისა და მიკროელემენტების წყაროს: ხილ-ბოსტნეულის მოხმარების მაჩვენებლები, რაც 1 სულ მოსახლეზე ამ პერიოდში შემდეგნაირად გამოიყურება (გ/დღეში):

2012 2013 2014 2015 ნორმა

ხორცი და ხორცპროდუქტები 71 74 79 81 200

რძე და რძის პროდუქტები 379 395 428 432 960

კვერცხი 0,3 ც 0,3 ც 0,3 ც 0,3 ც 0,66 ც

ბოსტნეული 150 153 162 158 370

ხილი 95 101 105 102 210

ეს შეუსაბამობა მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი მოსახლეობა ჯერ კიდევ ძალიან შორსაა იმისაგან, რომ მოახერხოს სრულფასოვანი კვება. სავარაუდოა ის, რომ მათმა დიდმა ნაწილმა სრულფასოვანი კვების მნიშვნელობისა და აუცილებლობის არცოდნის გამო, ჩათვალა რა, რომ შიმშილის პრობლემა ფიზიკურად არ აწუხებს (გადამეტებული რაოდენობით ყუათიანი საკვების - პურის მოხმარების წყალობით), გადაწყვიტა ამ ახალი ფულადი შემოსავლით ვალის ნაწილი გადაეხადა (მოსახლეობის რამდენიმე ასეულ ათასს წინა ხელისუფლების პერიოდიდან გამოყოლილი ბანკის ან მევახშის ვალი აქვს), რა მათ აიღეს ოჯახის წევრისთვის გადაუდებელი ფასიანი სამედიცინო მომსახურებისა (მათ შორის მძიმე ქირურგიული ოპერაციების ჩატარების) და ასევე ციხიდან თავის დახსნის სანაცვლოდ (მათი რიცხვი 500 ათასამდე ოჯახს შეადგენს, ანუ მოსახლეობის ნახევარს), მოსახლეობის ნაწილმა კი (ვისაც ვალი არ ჰქონდა) რამდენიმე წლის სანუკვარი ოცნება აიხდინა და მისთვის ადრე მიუწვდომელი ტანსაცმელი ან ნივთი იყიდა. ასე ამრიგად მოსახლეობამ სრულფასოვანი კვების მნიშვნელობის არცოდნის და ვალების დაფარვის გამო წლების განმავლობაში დამკვიდრებული არასრულფასოვანი რაციონი არ შეცვალა.

სამწუხაროდ, მივიღეთ ის, რომ მიუხედავად მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლების მიერ მთელი რიგი უპრეცედენტო ღონისძიებების გატარებისა, მოსახლეობის საკვები რაციონი და ცხოვრების დონე თითქმის იგივე დარჩა (თუმცა გაუმჯობესების ტენდენცია მაინც შეინიშნება, მაშინ როცა 2003 წელთან შედარებით, ე.წ. "ვარდების ხელისუფლების" პერიოდში მოხდა სურსათის როგორც წარმოების (2-ჯერ), ისე მოხმარების შემცირება: ხორცის და ხორცპროდუქტების ჯერ 25%-ით (2004 წელს), შემდეგ კი 2012 წლისთვის 12%-ით, რძისა და რძის პროდუქტების - თითქმის 2-ჯერ, ბოსტნეულის - 32%-ით, ხილის - 36%-ით).

მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. "ვარდების ხელისუფლების" პერიოდში სერიოზული გაუარესება მოხდა სურსათის მოხმარების მხრივ წინა წლებთან შედარებით, ხელისუფლების ოპონენტებმა ისარგებლეს ამ განხრით ახალი ხელისუფლების დროს არსებული სტაგნაციით და დაიწყეს წინასაარჩევნო პროპაგანდა, ხალხის მოტყუების ხელისუფლების ავტორიტეტის დაგდებისა და მასებში მის მიმართ უიმედობის დათესვის მიზნით.

აღშფოთებას იწვევს მათი უტიფარი განცხადებები მთავრობის უნიათობის, სამუშაო ადგილების შემცირებისა და ხალხის გაღარიბების შესახებ, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. მე არცერთი პარტიის წევრი არ გახლავართ და არც დავალებული ვარ რაიმეთი ხელისუფლებისაგან, მაგრამ მოქალაქეობრივი მოვალეობა მაკისრებს ჩემი პროფესიისა და ჩატარებული კვლევების საფუძველზე მოგახსენოთ შემდეგი: ჯერ ერთი, საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ეფექტური მთავრობა ევროპაში, მეორეც, სამუშაო ადგილები კი არ შემცირდა, არამედ 70 ათასით მოიმატა (წინა ხელისუფლების დროს 170 ათასით შემცირდა), შეიქმნა 150 ახალი საწარმო, 700-ის რეაბილიტაცია მოხდა, შეიქმნა 1500 კოოპერატივი, შეღავათიანი დაბალპროცენტიანი სესხებით მოსახლეობის ნაწილმა სამეწარმეო საქმიანობის მოჰკიდა ხელი. რაც შეეხება გაღარიბებას, ხალხი ახლა კი არ გაღარიბდა, არამედ წინა ხელისუფლების დროს, რაზეც მიუთითებდა მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები: FAO-ს მიხედვით 2005-2012 წლებში საქართველოს მოსახლეობის 80% ღარიბ-ღატაკი იყო, GELLAP-ის მიხედვით კი საქართველო უღარიბესი ქვეყნების ბოლო ხუთეულში ითვლებოდა: სირიის, ავღანეთის, კუნძულ ჰაიტის, უგანდის გვერდით და ა.შ.

სამწუხაროდ, მომავალშიც დაგეგმილი სოციალური პროგრამები ვერ შეცვლის მდგომარეობას, ვერ იმოქმედებს ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე მანამ, სანამ მოსახლეობა მთლიანად არ დაფარავს ვალებს, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ზემოთ აღნიშნული, ჩამოთვლილი ღონისძიებების გაგრძელებასთან ერთად, ხელისუფლების მიერ ბანკებთან შეთანხმებით მოვალეებისთვის შეღავათების დაწესება, რაც დიდი სიკეთე იქნება მათთვის და ქვეყნისათვის.

წარმოვიდგინოთ ის, რომ ხელისუფლება არ შეცვლილიყო და აღნიშნული სოციალური მიმართულების ღონისძიებები არ ჩატარებულიყო, მაშინ მოსახლეობის თითქმის ნახევარს კვების რაციონიც, ცხოვრების საერთო დონეც მნიშვნელოვნად გაუარესდებოდა, ვალები მოიმატებდა და მათი დაფარვის პერსპექტივაც არ იქნებოდა, ბანკების მიერ დღეს ბინებიდანაც გამოსახლებული იქნებოდნენ (ისე, როგორც ათიათასობით ადამიანია ამ დღეში), ციხეებში არსებულ 24 ათას პატიმარს კიდევ ათასობით მიემატებოდა და 330 ათასი პრობაციონერის (ფაქტიურად პატიმრების) რიცხვიც მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა. უმადურები ნუ ვიქნებით. მძიმე ავადმყოფი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ 2-3 დღეში ფეხზე ვერ დადგება და ჩვეულებრივ ცხოვრებას ვერ დაიწყებს, იგი გადის ჯერ რეანიმაციის, შემდეგ კი რეაბილიტაციის პროცესებს. იმ მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, რაც ქვეყანამ 2004-2012 წლებში გადაიტანა, ასეთივე მდგომარეობაშია დღეს ჩვენი ქვეყანა.

და ბოლოს, რადგან დადგენილია, რომ მსოფლიოში გავრცელებულ დაავადებათა 55% არასრულწლოვანი კვების შედეგია. ეს ყველამ უნდა იცოდეს და პირველ რიგში თავის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს უფრთხილდებოდეს.

სხვადასხვა პერიოდში მოსახლეობის მიერ სურსათის მოხმარების მაჩვენებელზე დაკვირვებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩვენი მოსახლეობა სრულფასოვანი, დაბალანსებული კვების მნიშვნელობის სათანადო დონეზე არცოდნის გამო, სოციალური პირობების გაუმჯობესების შემდეგაც კი არ შეცვლის მნიშვნელოვნად კვების რაციონს, ამიტომ შესაბამისმა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მასმედიის საშუალებით მეტი განათლება უნდა შეიტანონ მოსახლეობაში არასრულფასოვანი კვების საშიშროებისა და მისი შედეგების შესახებ. საჭიროა ამის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია ჰქონდეთ სკოლის მოსწავლეებსა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს.

ჩვენი ქვეყნის მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება გააგრძელებს და კიდევ უფრო მეტად განავითარებს მოსახლეობის სოციალური დახმარების ღონისძიებებს, შექმნის მეტ ახალ სამუშაო ადგილებს, დაასაქმებს ხალხს, გააუმჯობესებს მათ მსყიდველობით უნარს და ხელმისაწვდომობას სურსათზე. ყველა რესურსს გამოიყენებს მოსახლეობის სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად, რათა დაცული იქნას ადამიანის ჯანმრთელობა და კონსტიტუციით მინიჭებული უმთავრესი პირობა - სიცოცხლის უფლება.

შოთა ჩხეიძე

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,

ექსპერტი სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში