როგორი იქნება ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცე

საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის ფარგლებში, ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცე - „ბიზნეს სახლი“ იქმნება.

„ბიზნეს სახლი“ წარმოადგენს სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის სრულიად ახალ ხედვას, რაც გულისხმობს როგორც ფიზიკური, ისე ელექტრონული სივრცის განვითარებას, სადაც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, ერთ სივრცეში - როგორც ერთ შენობაში, ასევე ერთ ელექტრონულ პორტალზე, ერთი ფანჯრის პრინციპით, მიიღონ 600-ზე მეტი სერვისი, რომელიც ამ ეტაპზე 60-ზე მეტი საჯარო სტრუქტურის მიერ მიეწოდებათ. 

რაც შეეხება შენობის იერსახეს, ეს არის თანამედროვე, ინოვაციური, ენერგოეფექტური შენობა (ეს იქნება პირველი „მწვანე შენობის“ ვერცხლის სერთიფიკატის მქონე შენობა საქართველოში). მეორე მხრივ, შენობის დიზაინი შთაგონებულია ტრადიციული ქართული არქიტექტურით, ბუნებრივად ჯდება და მრავალფეროვნებას მატებს ქალაქის იერსახეს. ამასთან, შენობის ფუნქციონალურობა და მისი პრაქტიკული მიზნით გამოყენება სრულად პასუხობს მომავლის გამოწვევებს.