„მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ - ენერგეტიკის სტრატეგიული მნიშვნელობა პოლიტიკოსთა ყურადღების მიღმა რჩება

„მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG-ის) განცხადებით, ენერგეტიკის სტრატეგიული მნიშვნელობა კვლავ პოლიტიკოსთა ყურადღების მიღმა რჩება.

როგორც  WEG-ში განაცხადეს, მათმა ორგანიზაციამ პოლიტიკური პარტიების ენერგეტიკული პროგრამების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის განცხადებით, ამ მიზნით განხილულ იყო „ ქართული ოცნების“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „თავისუფალი დემოკრატების“, „რესპუბლიკური პარტიის“, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“, „პატრიოტთა ალიანსის“, „ლეიბორისტული პარტიისა და „ეროვნული ფორუმის“ საარჩევნო პროგრამები.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პროგრამების უმეტესობაში ენერგეტიკას ცალკე თავი არ ეთმობა.

მათივე თქმით, ენერგეტიკის მიმართულება, როგორც ეკონომიკის ქვესექტორი, გამოყოფილია „ქართული ოცნების“, „რესპუბლიკური პარტიისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო პროგრამებში. პარტიის - „სახელმწიფო ხალხისთვის“, საარჩევნო პროგრამა კი ხელმისაწვდომი არ არის.

„პოლიტიკური პროგრამების ენერგეტიკული ნაწილის ანალიზი ხუთი ძირითადი მიმართულებით არის წარმოდგენილი. პირველი ეს არის ენერგეტიკული უსაფრთხოების მთავარი გამოწვევები, ენერგიის მიწოდების უსაფრთხოება და დივერსიფიკაცია.

ამ მიმართულებით პარტიების წინადადებები საკმაოდ მწირია და ძირითადად დეკლარატიულ ხასიათს ატარებს. ნაკლები ყურადღება აქვს დათმობილი ენერგიის მიწოდების დივერსიფიკაციას და ამისთვის ახალი სატრანზიტო პროექტების განვითარებას. პარტიების ნაწილი საერთოდ არ განიხილავს ენერგეტიკული უსაფრთხოების კონკრეტულ მიმართულებებს. სახელისუფლო პარტიის პროგრამაში ენერგეტიკული უსაფრთხოების მიღწევა პრიორიტეტად არის აღიარებული, თუმცა პროგრამის ენერგეტიკული თავის დიდი ნაწილი ეთმობა შედარებას წინა მთავრობის დროს განხორციელებულ პროექტებთან და არ მოიცავს კონკრეტულ გეგმებს სექტორში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ.

მეორე მიმართულება ეს არის ენერგეტიკული ტარიფები და მათი დადგენა.

პარტიების ნაწილი თავს იკავებს ტარიფების შემცირების მოწოდებისგან და ამ საკითხის მინდობას აპირებს მარეგულირებელი კომისიისათვის (თავისუფალი დემოკრატები, ქართული ოცნება) თანაც ამ უკანასკნელის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პირობით, რაც მისასალმებელია.

ტარიფებზე მსჯელობას შედარებით დიდი ნაწილი ეთმობა ”რესპუბლიკური პარტიის” საარჩევნო პროგრამაში, რომელიც მხოლოდ ელექტროენერგეტიკულ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, პარტიის პროგრამაში ნათქვამია, რომ „ტარიფების შესამცირებლად ხელი უნდა შეეწყოს მიკრო და მცირე მასშტაბის ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში“, თუმცა, საინტერესოა, რა ეკონომიკური გათვლები დგას ამ მოსაზრების მიღმა, რადგან მცირე ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ერთეული ენერგიის თვითღირებულება რამდენჯერმე აღემატება დღეს საქართველოში მოქმედი ელექტროსადგურების მიერ წარმოებულ ერთეული ენერგიის ფასს.

აღსანიშნავია, აგრეთვე, ”პატრიოტთა ალიანსის” ხედვა გაზის ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით, პარტიის წარმომადგენლის თქმით, გაზის ტარიფის შემცირება შესაძლებელია დანაკარგების შემცირებით, რომელიც დღეს ზოგიერთ ადგილებში 20%-ს აღწევს. პარტია არ გვთავაზობს დეტალურ გეგმას, თუ კონკრეტულად როგორ შეიძლება დანაკარგის შემცირება აისახოს ტარიფის შემცირებაზე, რადგან მათ შორის პირდაპირი ურთიერთკავშირი არ არსებობს. დანაკარგების შემცირება თავისთავად დადებითი მოვლენაა, მაგრამ ეს შეიძლება გახდეს ტარიფის უცვლელად დატოვების, შემცირების ან ზრდის მიზეზიც კი.

„ლეიბოროსტული პარტია“ ამომრჩეველს ტრადიციულად სთავაზობს ტარიფის დაწევას დენზე, გაზზე და წყალზე, რაც შესაბამისი არგუმენტაციის გარეშე, პოპულისტური ხასიათის მატარებელია.

მესამე მიმართულება ეს არის ინფრასტრუქტურის მშენებლობა და საინვესტიციო გარემო.

ნაკლებად არის მკაფიო გზავნილები საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების და სექტორში სტრატეგიული ინვესტორების მოზიდვის აუცილებლობაზე. ზოგიერთი პარტია მოითხოვს მეტ გამჭვირვალობას და ამით საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. სხვები სახელმწიფოს ჩარევას და კონტროლს ანიჭებენ უპირატესობას. გარემოს და სოციალურ საკითხებს ნაკლები ყურადღება ეთმობა, მხოლოდ ”თავისუფალი დემოკრატების” პროგრამაში არის ნათქვამი, რომ ინფრასტრუქტურული პოექტების განხორციელებისას მოხდეს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა და სოციალური თვალსაზრისით ყველაზე მისაღები ალტერნატივის განხილვა. პროგრამებში არ არის საუბარი, კონკრეტულად როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხების დაბალანსება. რაც, იმის გათვალისწინებით, რომ ჰესების და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა ყველაზე სენსიტიურ თემას წარმოადგენს რეგიონის მოსახლეობისთვის, მეტ ყურადღებას იმსახურებს.

მეოთხე მიმართულება ეს არის ენერგეტიკის სექტორის მართვა.

პარტიების მხოლოდ ნაწილი აღნიშნავს ამ თვალსაზრისით გაუმჯობესების საჭიროებას და მეტნაკლებად აღიარებს რეფორმის, გამჭვირვალობის, სემეკის მეტი დამოუკიდებლობის და საპარლამენტო კონტროლის აუცილებლობას. საინტერესოა ”თავისუფალი დემოკრატების” ხედვა ამ მიმართულებით, რომლებიც მნიშვნელოვნად მიიჩნევენ სექტორის განვითარების ერთიანი ხედვის და სტრატეგიის შემუშავებას, ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებას და რეფორმების გატარების დაჩქარებას და ეფექტური საპარლამენტო კონტროლის დაწესებას.

მეხუთე მიმართულება - მწვანე ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება.

განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის განვითარება უმეტეს პლატფორმებში გათვალისწინებულია, თუმცა ძირითადად შემოიფარგლება ზოგადი განცხადებებით, არგუმენტაციის ან მექანიზმების შემოთავაზების გარეშე. ამ მიმართულებით განვითარების აუცილებლობას აღიარებს პარტიების უმეტესობა, თუმცა არ არის გასაგები, თუ რამდენად მზად იქნებიან, რომ სწორად დაგეგმონ და განახორციელონ სახელმწიფო მხარდაჭერა განვითარებული ქვეყნების გამოცდილების შესაბამისად. კლიმატის ცვლილების შერბილების და მასთან შეგუების საერთაშორისო პროცესებთან კავშირი არ არის გათვალისწინებული.

სასურველია საარჩევნო პლატფორმებში მოყვანილი ენერგეტიკის საკითხები განხილულ იქნას უფრო კომპლექსურად და დეტალურად და მეტი ყურადღება მიექცეს როგორც წინასაარჩევნო დებატებში, ასევე, შემდგომ საპარლამენტო მუშაობაში“, - აცხადებენ WEG-ში.