რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 112 მილიონამდე ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა

2013-16 წლებში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 112 მილიონამდე ლარის ღირებულების 2 300 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

როგორც გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, განხორციელებულ პროექტთა შორის არის სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების, სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრების და სკვერების მოწყობის, გზებისა და ხიდების მშენებლობის, საგანმანათლებლო და კულტურული შენობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის და სხვა სახის პროექტები.

აღნიშნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2015 წელს ქალაქ ამბროლაურში მოეწყო აგრარული ბაზარი, რომელიც წლების მანძილზე პრობლემას წარმოადგენდა; ლენტეხის მუნიციპალიტეტში აშენდა საზოგადოებრივი ცენტრი. ამჟამად კი მიმდინარეობს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საავადმყოფოს მშენებლობა; ონში დასრულდა იუსტიციის სახლის სამშენებლო სამუშაოები; ცაგერის მუნიციპალიტეტში შენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსი და ,,მწვანე თეატრის“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

2016 წელს, მხარის მასშტაბით, ისეთი მასშტაბური პროექტები ხორციელდება, როგორიცაა უწერა-შოვის, მუხლი-მრავალძალის გზების რეაბილიტაცია, ქუთაისი-ალპანა-ჭრებალოს გზის (18კმ) მოასფალტება, ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის და ახალი ხიდის მშენებლობა. წლის ბოლომდე ქალაქ ამბროლაურში ახალი აეროდრომის მშენებლობა დასრულდება; უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სოფელ ნიკორწმინდის ცენტრისა და ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაცია.

„მნიშვნელოვანია, რომ იწყება ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი 6 კილომეტრიანი გვირაბისა და 38 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა, რომლის სავარაუდო ღირებულება 200 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ამასთან, ზემო იმერეთი-რაჭის მიმართულებით აშენდება ახალი ორზოლიანი 55 კილომეტრიანი გზა, რომლის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 60 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს“, - აცხადებენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.