„ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობას ქართულ-ავსტრიული კომპანია დაასრულებს

4-წლიანი პაუზის შემდეგ, მრავალფუნქციური კომპლექსის „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობა განახლდა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპლექსის წარმომადგენელმა ლელა რაზიკაშვილმა განუცხადა, სამუშაოები 3 კვირის წინ დაიწყო და ამ ეტაპზე ძირითადად, მოსამზადებელი, დასასუფთავებელი პროცესი მიმდინარეობს.

კომპლექსს ქართულ-ავსტრიული დეველოპერული ჯგუფი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ვენა დეველოპმენტ ალიანსი“ ააშენებს, რომელიც საჯარო რეესტრში მიმდინარე წლის ივლისში დარეგისტრირდა.

როგორც ლელა რაზიკაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, პირველ ეტაპზე კომპლექსში არსებული საცხოვრებელი ფართების მშენებლობა დასრულდება, რომლებიც 200-მდე ოჯახს დაახლოებით 9 თვეში ჩაბარდება.

ყოფილი საბურთალოს ბაზრის ტერიტორიაზე მშენებარე მრავალფუნქციურ კომპლექსში განთავსდება როგორც საცხოვრებელი, ისე საოფისე- კომერციული ფართები.

„ოლიმპიური ვარსკვლავი“ 2006 წელს 5-მა ადამიანმა - ზაზა რაზიკაშვილმა, გულიკო ანჯაფარიძემ, ნათელა წიქარიშვილმა და ოლიმპიურმა ჩემპიონებმა - ზურაბ ზვიადაურმა და გიორგი ასანიძემ დააფუძნეს.

თუმცა, 2012 წელს ზურაბ ზვიადაურმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით ამხანაგობა დატოვა.

„ოლიმპიური ვარსკვლავი“დაუსრულებელი მშენებლობისთვის 2012 წელს 27 მილიონი ლარით დაჯარიმდა.

როგორც ლელა რაზიკაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრა, ეს „პოლიტიკური ჯარიმა“ პროგრამული წესით 37 მილიონამდე გაიზარდა. თუმცა, „ოლიმპიურმა ვარსკვლავმა“ მიმდინარე წელს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ჯარიმა 450 ათას ლარამდე ჩამოვიდა.

აღნიშული დავალიანების გადახდის ვალდებულება კომპანიას 2016 წლის ბოლომდე აქვს.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე

თაია არდოტელი