დიმიტრი ქუმსიშვილი - სასიხარულოა, როდესაც ”თანაინვესტირების ფონდი” “ტურიზმის განვითარების ფონდს” ქმნის

ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის ტრადიციული, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია და სასიხარულოა, როდესაც ”თანაინვესტირების ფონდი” “ტურიზმის განვითარების ფონდს” ქმნის , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო “რედისონში” განაცხადა, სადაც საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა “ტურიზმის განვითარების ფონდის” პრეზენტაცია გამართა.

“ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის ძალიან ტრადიციული, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი და სასიხარულოა, როდესაც ”თანაინვესტირების ფონდი”, რომელიც ერთ-ერთი დიდი ინვესტორია ჩვენს ქვეყანაში, იღებს გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბოს “ტურიზმის განვითარების ფონდი”, სადაც დღეს დაწყებული პროექტების მოცულობა არის 680 მილიონი დოლარი. რაც მომავალში შექმნის 2500 მუდმივ სამუშაო ადგილს, ხოლო მშენებლობის პროცესში 20 000 სამუშაო ადგილს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებები ხარისხის, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით და ”სასტუმროების მართვის კომპანიის” ჩამოყალიბების მიმართულებით”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ”თანაინვესტირების ფონდმა” და ”ტურიზმის განვითარების ფონდმა” შექმნეს ”სასტუმროების მართვის კომპანია”, რომელიც უკვე ლიცენზირებულია ”მარიოტის” ქსელის მხრიდან.

”ეს ნიშნავს იმას, რომ ამ კომპანიას აქვს ყველანაირი შესაძლებლობა დამატებითი გაუწიოს კონსულტაციები იმ კომპანიებს, რომლებსაც უნდათ შესვლა სასტუმრო ბიზნესში, რომელთაც სურთ კონსულტაციების გაწევა ხარისხის ინფრასტრუქტურაზე და მთლიანად ამ მიმართულების განვითარება”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.