მტვრის შემცველობა ”სადგურის მოედანთან” დასაშვებ ნორმას აღემატება

მტვრის ერთჯერადი კონცენტრაცია კვადრატულ მეტრზე მეტროსადგურ ”სადგურის მოედანთან” მაქსიმალურ ზღვარს აღემატება , - ამის შესახებ გარემოს სამინისტროს მიერ გავრცელებულ გარემოს დაბინძურების ექსპრეს-ლაბორატორიის კვლევის შედეგებშია აღნიშნული. კვლევა 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა და გამოკვლეულია მტვრის, ნარშირორჟანგის, აზოტის დიოქსიდის შემცველობა კვადრატულ მეტრზე, ასევე ელექტრო-მაგნიტური გამოსხივება კვადრატულ სანტიმეტრზე და ხმაურის დონე დეციბელებში.

კვლევა თბილისში, თბილისის გარეუბნებსა და რუსთავშია ჩატარებული, სულ 22 პუნქტზე.

გარემოს დაბინძურების ექსპრეს-ლაბორატორიის კვლევის შედეგების მიხედვით, დასაშვებ ნორმას კვადრატულ მეტრზე მტვრის შემცველობა მხოლოდ მეტროსადგურ ”სადგურის მოედანთან” აღემატება.

განსხვავებული სიტუაციაა ხმაურის მხრივ. ყველაზე ხმაურიანი ადგილი მეტროსადგურ ”300 არაგველთან” არის. ”300 არაგველთან” მონაცემები დასაშვებ ნორმას აღემატება. ხმაურის მაქსიმალური დონე დასაშვებ ზღვარს აღემატება ასევე მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“, მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან“, მეტროსადგურ „ნაძალადევთან“, მეტროსადგურ „სადგურის მოედანთან“, აბანოთუბანში, მეტროსადგურ „მარჯანიშვილთან“ და წყნეთში ,,სმარტთან“.