2016 წელი ტურისტების რაოდენობითა და საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით რეკორდულია

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ტურიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ტურისტული და ავია კომპანიების 300-მდე წარმომადგენელს სასტუმრო ”ბილტმორში” შეხვდა.

როგორც ჩოგოვაძემ განაცხადა, 2016 წელი ტურისტების რაოდენობითა და საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით რეკორდულია.

”დღეს ჩვენ გავმართეთ შეხვედრა, ტურიზმის სფეროში კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და გავაცანით ჩვენი სამომავლო გეგმები და სტატისტიკური მონაცემები, მოხარული ვართ, რომ გამართლდა ჩვენი პროგნოზები 2016 წელთან დაკავშირებით, რომელიც რეკორდულია, როგორც ტურისტების რაოდენობის მხრივ, ასევე შემოსავლების მხრივ, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მიიღებს საერთაშორისო ტურიზმიდან”, - განაცხადა ჩოგოვაძემ.

როგორც ”საქართველოს ტურიზმის ასოციაციის” ხელმძღვანელმა ნატა კვაჭანტირაძემ განაცხადა, ყურადღება გამახვილდა 2016 წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც უშუალოდ ტურიზმის განვითარებას უკავშირდებოდა. მისივე თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხრიდან წარმოდგენილი აქტივობები ცალსახად შეეხო კერძო სექტორსაც და მათ წარმატებებზე აისახა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-სექტემბერში ტურისტთა რაოდენობა 19,5%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 8,6%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 4 879 031 შეადგინა, რაც 384 690-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ადმინისტრაციის ცნობით, ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელდა, თუმცა პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდანაც, მათ შორის ლატვია (+26%), გერმანია (+6%), ლიტვა (+9).

2016 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, შემოსავალმა საერთაშორისო ტურიზმიდან საქართველოში 876,9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ზრდა - (+13.2), რაც 101 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ზაფხულის სეზონისთვის მარკეტინგულ აქტივობებში ადმინისტრაციამ 15 720 000 ლარი დახარჯა. მომზადდა 300 სტატია, ბლოგ-პოსტი, გადაცემა, სიუჟეტი და დოკუმენტური ფილმი საერთაშორისო მედიაში. საქართველოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სტუმრობდა 486 უცხოელი ჟურნალისტი და 256 ტუროპერატორი.

მათივე ინფორმაციით, მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტაციამ წელს უკვე ტურიზმის ბიზნესში ჩართული საქართველოს 800 მოქალაქე გადაამზადა. ტრენინგები სასტუმროს საქმეს და მომსახურების უნარ-ჩვევებს, საგადასახდო კოდექსს, საბაზისო ინგლისურ ენასა და სამთო გამყოლის კურსებს ეხებოდა.

გრძელდება შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით კომპანია ”გაიცანი საქართველოც”. მარტო 2016 წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (კახეთი, გურია, აჭარა, რაჭა, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა მთიანეთი ) 8 პრეს-ტური ჩატარდა და ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს 184 ჟურნალისტი გაეცნო.