საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ მემორანდუმი გაფორმდება

ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.

როგორც ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროში განაცხადეს, მემორანდუმი მოლაპარაკებების დასრულების შესახებ დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის გაფორმდება.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მემორანდუმს ხელი ეწერება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის გაო ხუჩენის ვიზიტის ფარგლებში, რომელიც თბილისში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პირველ ვიცე-პრემიერთან. მხარეებს შორის საქართველოსა და ჩინეთს შორის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივების საკითხები განიხილება, მათ შორის, აბრეშუმის გზის ახალი კონცეფცია „ერთი გზა - ერთი სარტყელი.“

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს.

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს ექნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმებული. საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე დროში - 7 თვეში დასრულდა.