სოფელ ქვემო ალვანში დღეს მეცხვარეები აქციას გამართავენ

სოფელ ქვემო ალვანში დღეს, 13.00 საათზე მეცხვარეები აქციას გამართავენ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა როინ რაინაულმა განაცხადა, თუშებს სურთ ხელისუფლებას ხმა იმ პრობლემების შესახებ მიაწვდინონ, რომელიც მეცხვარეებს აწუხებთ.

„ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ, რომ ხელისუფლების ყურადღება მიგვეპყრო. ვთხოვეთ პრემიერს და ადგილობრივ ხელისუფლებასაც, დაგვხმარებოდნენ, მაგრამ უშედეგოდ. ახლა შევეცდებით გამაფრთხილებელი საინფორმაციო აქციით მივიპყროთ მათი ყურადღება. დეტალებზე უკვე აქციაზე ვისაუბრებთ“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ როინ რაინაულმა.

მეცხვარეების უკმაყოფილება ცხვრის რეალიზაციის პრობლემას უკავშირდება, რაც, მათი თქმით, მას შემდეგ დადგა, რაც თუშური ცხვარი სომხურმა ჩაანაცვლა. მეცხვარეებს ასევე აქვთ საძოვრების პრობლემა.