სოფლის მეურნეობის სამინისტრო - მეცხოველეობისა და მეცხვარეობის დარგის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, სამინისტროსთვის მეცხოველეობის და მათ შორის, მეცხვარეობის დარგის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და შესაბამისად, შემუშავებულია დარგის განვითარების ხელშეწყობის გეგმა.

უწყების ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მეცხვარეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, არაერთ ღონისძიებას ახორციელებს, მათ შორის:

მიმდინარეობს ცხვრის პროფილაქტიკური და სავალდებულო ვაქცინაცია დაავადებებზე: თურქული, ჯილეხი, ცხვრისა და თხის ყვავილი, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი;

”აშენდა და გაიხსნა ბიოუსაფრთხოების პუნქტები მარნეულსა და რუსთავში, სადაც ხდება როგორც წვრილფეხა, ისე მსხვილფეხა პირუტყვის გაბანება და პარაზიტებზე დამუშავება, რაც უზრუნველყოფს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას და დაავადებების გავრცელების შემცირებას. სულ ქვეყნის მასშტაბით 8 ასეთი პუნქტის აშენებაა დაგეგმილი; მხოლოდ მიმდინარე წელს განხორციელდა 35 ათასი სული ცხვრის ექსპორტი არაბულ ქვეყნებში: არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთსა და ყატარში. ცხვრის ექსპორტის სეზონი დაწყებულია. ბოლო მონაცემებით, საექსპორტოდ განკუთვნილი ათასობით ცხვარი ამ დროისთვის საკარანტინო ზონაშია განთავსებული”, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ევროკავშირთან მიღწეულია შესაბამისი შეთანხმება, რომლის თანახმად, საქართველო დაემატა ეგრეთწოდებული მესამე ქვეყნების სიას და უკვე შესაძლებელია ქართული მატყლის გატანა ევროკავშირის ქვეყნებში.

უწყების შეფასებით, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მეცხვარეობის დარგში ჯერ კიდევ არსებობს მრავალი წლის მანძილზე დაგროვილი პრობლემები, რომელთა გადაჭრის მიმართულებით სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აქტიურად მუშაობენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სპეციალური ჯგუფი. მეცხვარეებთან გამართულ შეხვედრებზე, ჯგუფის წარმომადგენლები უშუალოდ მათგან ისმენენ პრობლემების შესახებ და ერთად იხილავენ სამომავლო მოქმედების გეგმებს. ასეთი ტიპის ერთ-ერთი შეხვდრა უკვე დაგეგმილია სულ რამდენიმე დღეში, 7 ოქტომბერს.

”მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქვეყანაში მანკიერ პრაქტიკად იქცა წინასაარჩევნო პერიოდში ისეთი თემების პოლიტიზირება, რომლებსაც პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვთ. გასულ წლებში ამის ნათელი მაგალითი იყო რთველის პროცესის პოლიტიზირების მცდელობა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მეცხოველეობის და მათ შორის მეცხვარეობის, დარგის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და შესაბამისად, შემუშავებულია დარგის განვითარების ხელშეწყობის გეგმა”, - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.