ევროკავშირის საბჭო დღეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე იმსჯელებს

როგორც მოსალოდნელია, 5 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაზე ევროკავშირის საბჭოს წევრები „მწვანე შუქს“ აუნთებენ საბჭოს, დაიწყოს მოლაპარაკებები ევროპულ პარლამენტთან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე.

ამის შესახებ „ტვიტერის“ მიკრობლოგში რადიო „თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკი წერს.

იოზვაკი აქვე აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები არ დაიწყება მანამ, სანამ არ იქნება შეთანხმება ევროპარლამენტთან ე.წ. უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე.

რიკარდ იოზვაკის ცნობით, როგორც მოსალოდნელია, აღნიშნულ საკითხზე ევროდეპუტატები 6 ოქტომბერს იმსჯელებენ.

მანამდე დასავლელი ჟურნალისტები წერდნენ, რომ საქართველოსთვის, უკრაინასა და კოსოვოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე ევროკავშირის საბჭო 11 ოქტომბერს იმსჯელებს.