საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს გაო ხუჩენის შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულების საკითხი, ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის, აბრეშუმის გზის ახალი კონცეფციის ”ერთი გზა - ერთი სარტყელის“ ფარგლებში.

დღესვე ხელი მოეწერება მემორანდუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის, ჩინეთ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულების თაობაზე.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული.

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები 3 რაუნდისაგან შედგებოდა და 7 თვეში დასრულდა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ”საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და სხვა ოფიციალური პირები.