აზერბაიჯანისა და საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობა ღრმავდება

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილეს შაჰინ ბაგიროვს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აზერ თოფიგ ოღლუ ჰუსეინს შეხვდა.

როგორც ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საბაჟო უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას, ასევე, სამომავლო პარტნიორობის საკითხებს, რომელიც მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: უსაფრთხო ვაჭრობის ხელშეწყობა, საბაჟო პროცედურების ეფექტური მართვა და ფორმალობების გამარტივება, ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლა, რაც ხელს შეუწყობს ვაჭრობის მოცულობისა და ტურისტული ნაკადის გაზრდას. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელმაც კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი რეგიონში.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის საბაჟო სამსახურებს შორის გაგრძელდება ნაყოფიერი პარტნიორობა. როგორც მან აღნიშნა, აზერბაიჯანული მხარე გააგრძელებს ძალისხმევას, გააუმჯობესოს და დახვეწოს აზერბაიჯანსა და საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის სატრანსპორტო დერეფნის ტვირთბრუნვის მაჩვენებლის ამაღლებას. როგორც აღინიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანის საბაჟო სამსახურები გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში, რათა რეგიონის სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს.