საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენმა. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ორივე მთავრობის მიერ განხორციელებული ეფექტური სამუშაოს შედეგად, უმოკლეს დროში, 7 თვეში დასრულდა მოლაპარაკებები ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე. მან მადლობა გადაუხადა ჩინეთის მხარეს მოლაპარაკებების მიმდინარეობისას გამოჩენილი კონსტრუქციულობისთვის და მადლიერება გამოხატა მუდმივი მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.

„დღევანდელი დღე ჩინეთისა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს და მოასწავებს იმას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ახალ სიმაღლეზე ადის. ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან ტრადიციული მეგობრობა აკავშირებთ. მაშ შემდეგ, რაც 24 წლის წინ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები, ჩვენი ურთიერთპატივისცემა, თანასწორი დამოკიდებულება და ურთიერთნდობა დღითი დღე ღრმავდება, საქმიანი ურთიერთობები კი სულ უფრო გრანდიოზულ სახეს იღებს“, - განაცხადა ხელმოწერის დასრულების შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენმა.

შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული.

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები შედგებოდა 3 რაუნდისაგან და დასრულდა 7 თვეში.