ჩინეთის კომერციის მინისტრი - საქართველოში ძალიან კარგი საინვესტიციო გარემოა

საქართველო ჩინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია , - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ძალიან ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა გააჩნია და ამ ქვეყანაში ძალიან კარგი საინვესტიციო გარემოა.

”ჩვენს ქვეყნებს ეკონომიკისა და წარმოების სტრუქტურაში ძალიან ძლიერი ურთიერთშევსებადობის უნარი გააჩნიათ. ჩინეთისა და საქართველოს სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების პერსპექტივა ძალიან დიდია, მომავალი კი - უაღრესად ნათელი“, - განაცხადა ჩინეთის კომერციის მინისტრმა.

გაო ხუჩენის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება კიდევ უფრო გაამყარებს და ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს.

”ეს გააუმჯობესებს ჩვენი ხალხების კეთილდღეობასა და აუცილებლად უზრუნველყოფს კიდევ უფრო ძლიერი სისტემური გარანტიებით ჩვენს ქვეყნებს შორის საქონლითა და მომსახურებებით ვაჭრობას. საინვესტიციო სფეროების ბაზრის გახნას. აუცილებლად შეიქმნება სტაბილური, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი საბაზრო გარემო“, - განაცხადა გაო ხუჩენმა.