ბარისახოში დეკას ჩაის წარმოება დაიწყო

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში მცენარეული ჩაის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა.

საწარმო, რომელიც მხოლოდ ველურ მცენარეებს (დეკა, მოცვი, პიტნა, კრაზანა და ა.შ.) გადაამუშავებს, 5 ადამიანისაგან შემდგარ კოოპერატივს ეკუთვნის.

კოოპერატივის დირექტორის ომა არაბულის თქმით, საწარმოში ამ ეტაპზე კოლოფის დიზაინზე მუშაობენ, რის გამოც პროდუქცია ბაზარზე მომავალი თვიდან გამოჩნდება.

კოოპერატივი „არაგველები“ სულ 7 სახეობის ჩაის წარმოებას აპირებს, მათ შორის - დეკას ფოთლის; დეკას ფოთლისა და ყვავილის; დეკასა და მოცვის ფოთლის; დეკას მოცვისა და ველური პიტნის; მოცვისა და პიტნის ჩაი ერთად და ა.შ.

ომარ არაბულის ცნობით, მომავალში წარმოებული ჩაის ექსპორტზე გატანაც იგეგმება.

პროექტის ღირებულება 131 ათასი ლარი იყო. საწარმოში ამჟამად დაახლოებით 15 ადამიანია დასაქმებული.

რაც შეეხება წარმადობას, არაბული აღნიშნავს, რომ საწარმოს დღეში 300 კილოგრამი ნედლი მცენარეულის გაშრობა და თვეში დაახლოებით, 10 ათასი ჩაის კოლოფის გამოშვება შეუძლია.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე

თაია არდოტელი