საქართველოში ავსტრალიური კაკლის - მაკადამიის ნერგების შემოტანა იგეგმება

უცხოელი ინვესტორი ალექსანდრე პოტიომკინი ავსტრალიიდან საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული და სასარგებლო კაკლის, მაკადამიის ნერგების შემოტანას გეგმავს.

ამ კულტურას არა მარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც ნაკლებად იცნობენ, რადგან მაკადამიას კაკალი მხოლოდ მდიდარ ქვეყნებშია გავრცელებული.

ალექსანდრე პოტიომკინის თქმით, სულ მალე ეს კულტურა საქართველოშიც გაჩნდება და მის გამოყვანას დაიწყებენ - მაკადამია 5-6 წელიწადში იძლევა ნაყოფს.

მაკადამიის გარდა, ინვესტორი საქართველოში სხვა კულტურების, მათ შორის, ჩაის ზეთის და ჩაის ვარდის შემოსატანადაც ემზადება.

"ჩაის ზეთი ბაზარზე ძალიან ძვირია, გამოიყენება პარფიუმერიასა და ფარმაკოლოგიაში. ასევე ვაპირებ ჩაის ვარდის შემოტანასაც. ეს ჩაის ხე გახლავთ, აგრეთვე ძვირფასი პროდუქტი. ერთი ჩაის ხიდან 50-70 ვარდი ჩამოდის, საოცარი არომატი აქვს. ჩაის ვარდი ჩინური კულტურაა და შესაბამისად ჩინეთიდან შემოვა, რადგანაც ჩინელმა პარტნიორებმა ამის ნება დაგვრთეს", - ამბობს ალექსანდრე პოტიომკინი და დასძენს, რომ ჩაის ზეთი ნაყოფს 3-4 წელში იძლევა.

პოტიომკინის სანერგე მეურნეობა სამეგრელოს ტერიტორიაზე, ფოთთან ახლოს გაშენდება, რადგან ეს ის ადგილებია, სუბტროპიკული ზონა, რომელიც ამ კულტურების ნორმალური განვითარებისთვის დამაკმაყოფილებელია.

"კლიმატის გარდა, იქ მიწაში არის გეიზერები, ცხელი წყალი ბუნებრივად ამოდის, რაც მეტად სასარგებლოა ამ ეგზოტიკური კულტურებისთვის. საქართველოში გამოყვანილი ნერგები, შემდეგ ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაშიც გავა".

ლალი ფაცია