ახალციხეში ფრის მწარმოებელი საწარმო კარტოფილს ადგილობრივებისგან ჩაიბარებს

კომპანია „ფრეკო“ საქართველოში პირველად გაყინული კარტოფილის ფრის გამოუშვებს.

ფრის საწარმოს მშენებლობა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში უახლოეს პერიოდში დასრულდება. პროდუქცია კი ბაზარზე ნოემბერში გამოჩნდება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ პროდუქცია ადგილობრივი ფერმერებისგან ჩაბარებული კარტოფილით მომზადდება.

როგორც ,,ფრეკოს” დამფუძნებელი ირაკლი ქურდაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, პირველ ეტაპზე პროდუქციის ძირითადი ნაწილი რესტორნებსა და კაფე-ბარებს მიეწოდება. საექსპორტო ბაზრების ათვისებას კი კომპანია ამჟამად არ გეგმავს.

მისივე განმარტებით, საწარმოში კარტოფილი შოკ-მაცივარში მინუს 40 გრადუსზე გაიყინება, რის შემდეგაც 1 და 2,5 კგ-იან შეფუთვებში დაფასოვდება.

,,პირველივე წელს იმპორტის 10%-ის ჩანაცვლებას მოვახერხებთ. ამჟამად საქართველოში გაყინული კარტოფილი ფრი 3 ქვეყნიდან შემოდის. ძირითადი მომწოდებელი ჰოლანდია, ბელგია და პოლონეთია. ტრანსპორტირებას გარკვეული პერიოდი სჭირდება, რაც პროდუქტს აძვირებს. ჩვენ შეგვიძლია, იმპორტირებულ პროდუქტს კონკურენცია ხარისხითა და ფასით გავუწიოთ”, - აღნიშნა ქურდაძემ.

კომპანია მომავალში მექსიკური კარტოფილის, გაყინული სალათებისა და სხვა სახის პროდუქციის წარმოებასაც გეგმავს.

პროექტის ღირებულება 300 ათასი ლარია. თუმცა, სამომავლოდ კომპანია წარმოების გაფართოებასა და დამატებითი ინვესტიციების ჩადებას გეგმავს.

თაია არდოტელი