ბავშვობის გატაცებით დაწყებული ბიზნესი

ხონში, სოფელ კონგუათში მცხოვრებმა ქეთი რუხაძემ მწყერების ბიზნესი ერთი წლის წინ დაიწყო.

საქმიანობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ფერმერმა ბიზნესის გაფართოება და მწყერების წარმოების გაზრდა გადაწყვიტა.

„მწყერებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. მათ გაყიდვაზე უკვე გვაქვს შეთანხმება ზოგიერთ რესტორანთან. ახლომდებარე რაიონებიდან (მარტვილი, ხონი) ადგილობრივებიც აქტიურად ყიდულობენ. ახლა 400-მდე მწყერი გვყავს ფერმაში, რადგან ნაწილი ამოვყიდეთ. თუმცა, ფერმა 3 000 მწყერზეა გათვლილი და მინდა მომავალში რაოდენობა გავზარდო. რაც შეეხება რეალიზაციას, ამ ეტაპზე გაფართოებაზე არ ვფიქრობ, რადგან როგორც ვიცი, დიდ ქალაქებს, მაგალითად თბილისსა და ქუთაისს, სხვა კომპანია უკვე ამარაგებს,“-აღნიშნა რუხაძემ.

ახალგაზრდა ფერმერის თქმით, მწყერების ფერმის მოშენება ბავშვობის გატაცება იყო და ყოველთვის ოცნებობდა სახლში მწყერები ჰქონოდა.

„ჯერ კიდევ ბავშვობაში მქონდა მწყერებთან შეხება. ბაბუას ხაფანგში დაჭერილი მწყერები მოყავდა და 40-50-მდე მწყერი სულ გვყავდა სახლში. მეც აქედან დამაინტერესა. მით უმეტეს, რომ ცხოველები და ფრინველები ძალიან მიყვარს და გადავწყვიტე ფერმა გამეკეთებინა. თავიდან ყველას უკვირდა ჩემი ეს გატაცება, მაგრამ საბედნიეროდ, მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მოვიპოვე და ეს ფერმაც გავაკეთე“, - ამბობს ფერმერი და დასძენს, რომ პროექტის ღირებულება 5 000 ლარი იყო.

თაია არდოტელი