გიორგი კვირიკაშვილი - ქარის ელექტროსადგურის ღირებულება 34 მილიონ დოლარს შეადგენს

საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური ექსპლუატაციაში შევიდა. ელექტროსადგურ "ქართლის" გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას მნიშვნელოვანი სიახლე მიულოცა და საქართველოში ალტერნატიული ენერგიის წყაროს ამუშავება დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან ანობეს, მთავრობის მეთაურმა გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა პროექტის ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით კი ენერგეტიკის ყოფილ მინისტრ კახა კალაძეს, რომლის უშუალო ხელმძღვანელობითაც აღნიშნული პროექტი განხორციელდა.

"დღეს ჩვენ უკვე გვაქვს თანამედროვე სტანდარტების ქარის ელექტროსადგური, რომელიც ფუნქციონირებს ალტერნატიული ენერგიის წყაროს გამოყენებით. თავისი სპეციფიკიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, ეს ელექტროსადგური მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, რომლის ღირებულებაც 34 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს ელექტროსადგური საშუალებას მოგვცემს, ზამთარში ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნის ნაწილი ქარის ენერგიის ხარჯზე დავაკმაყოფილოთ. რაც მთავარია, ეს არის როგორც ეკონომიური, ისე ეკოლოგიური და უსაფრთხო ჩვენი მოსახლეობისთვის. საქართველოს აქვს ისეთი ალტერნატიული ენერგიის რესურსი, როგორიცაა ქარისა და მზის ენერგია. მჯერა, რომ ამ რესურსების სათანადოდ ათვისება დამატებით სიმძლავრეებს შესძენს ჩვენი ქვეყნის ენერგოსექტორს. დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო ხდება ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და ამ პროექტის განხორციელებით ჩვენ მაქსიმალურად ვნერგავთ ყველა იმ სიახლეს, რომლითაც საქართველო იქცევა ჭეშმარიტად განვითარებულ, მოწინავე ტექნოლოგიების ქვეყნად", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ელექტროსადგურ "ქართლის" პროექტი საქართველოს ,,ენერგეტიკის განვითარების ფონდისა" და ”საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის” შვილობილმა კომპანიამ შპს ,,ქართლის ქარის ელექტროსადგურმა“ განახორციელა. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია 88 მლნ კვტ/საათი. ქარის ელექტროსადგური ექვსი აგრეგატისაგან შედგება, თითოეულის სიმძლავრე კი 3,45 მგვტ-ს შეადგენს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ქართლის ქარის ელექტროსადგური ხელს შეუწყობს მთავრობის სტრატეგიას, რომელიც დაბალემისიებიანი გენერაციის განვითარებას და ზამთრის სეზონზე ქვეყნის მოთხოვნის ნაწილის ქარის ენერგიით დაკმაყოფილებას ითვალისწინებს.