კახა კალაძის განცხადებით, ქარის ელექტროსადგურის პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდება

”ქართული ოცნების” გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ქარის ელექტროსადგურის პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდება და განვითარდება.

”დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ქარის ელექტროსადგურის პირველი პროექტი, რომლის განხორციელებაც დავიწყეთ, დასრულებულია. პროექტი უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო გაფართოვდება, კიდევ უფრო განვითარდება. პირველი პროექტი, ქარის სადგური, რომელიც ელექტროენერგიის გამომუშავებას რამდენიმე დღეში დაიწყებს, არის 20 მეგავატი სიმძლავრის. ის არის ტესტირების რეჟიმში. მალე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ამ ულამაზესი პროექტიდან გამომუშავებული ელექტროენერგია მიიღოს და მოიხმაროს. ჩვენ ასეთი პროექტების განხორციელებას მივესამლებით და მის გაზრდას ხელს შევუწყობთ”, - განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

შიდა ქართლის რეგიონში, გორის და ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური ”ქართლი“ გაიხსნა.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი საქართველოს ”ენერგეტიკის განვითარების ფონდის” და ”საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის” შვილობილმა კომპანიამ შპს ”ქართლის ქარის ელექტროსადგურმა“ განახორციელა. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია 88 მლნ კვტ/საათი. ქარის ელექტროსადგური ექვსი აგრეგატისაგან შედგება. თითოეულის სიმძლავრე 3,45 მგვტ-ს შეადგენს. ქარის ელექტროსადგური ”ქართლი“, მისი სპეციფიკიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სადგურია.

აღნიშნულ პროექტზე მუშაობა სს ”საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა” 2013 წელს დაიწყო.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, სადგური ოქტომბრის თვიდან ტესტირების ეტაპზე გადავა, ხოლო დეკემბრის მეორე ნახევარში ექსპლუატაციაში შევა და სრული დატვირთვით ამუშავდება.

პროექტის სრული ღირებულება 34 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.