დონორი ქვეყნები ავღანეთის განვითარებისთვის 15,2 მილიარდ დოლარს გამოყოფენ

ბრიუსელში საერთაშორისო კონფერენციაზე დონორმა ქვეყნებმა ავღანეთის განვითარების მიზნით მომავალი 4 წლის განმავლობაში 15,2 მილიარდი დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ავღანეთის განვითარებასთან დაკავშირებულ კონფერენციაში მონაწილეობა 70-ზე მეტი ქვეყნისა და 20 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიიღო.

„მინდა იცოდეთ, რომ ამ გზის გავლისას მარტონი არ იქნებით. ახლა არ არის იმის დრო, რომ ჩვენი ამბიციები ან ავღანელ ხალხში ჩვენი ინვესტიციები შევკვეცოთ“, - განაცხადა ევროკომისარმა საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების საკითხებში ნევენ მიმიცამ.

დახმარების სანაცვლოდ ავღანეთის ხელისუფლებამ კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ რეფორმები უნდა გაატაროს და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მდგომარეობა გააუმჯობესოს. გარდა ამისა, ოფიციალურმა ქაბულმა ევროპიდან უკან დაბრუნებული მიგრანტების სწრაფ ტემპში მიღების ვალდებულება აიღო.