„სკიჯი" - ნატურალური ხილისგან დამზადებული ჩირი

საქართველოში ბოლო პერიოდში რამდენიმე ჩირის საწარმო გაიხსნა.

მათგან ერთ-ერთია „სკიჯი.“ საწარმო ჩოხატაურის რაიონ სოფელ ხიდისთავში მდებარეობს და ადგილობრივ ბაზარს ნატურალური ხილისგან დამზადებული პროდუქციით ამარაგებს. სულ ცოტა ხნის წინ საწარმოს ხელმძღვანელი აღნიშნული საქმიანობის პარალელურად, აგროტურიზმშიც ჩაერთო. „სკიჯის სახლი“ გურიაში ჩასულ დამსვენებლებს გასული ზაფხულიდან მასპინძლობს.

სკიჯის სახლში მისულ სტუმრებს ადგილობრივი ნატურალური პროდუქტით მომზადებულ გურულ სამზარეულოს სთავაზობენ. სოფლის მაწონი, კვერცხი, ყველი, კექსი, ოჯახის ჯემი, სკიჯები (ჩირები), დიასახლისის საფირმო კერძი - „დაკიტასი“, ბადრიჯანი გურულად და საფირმო კეცის ხაჭა - სკიჯის სახლის მთავარი მასპინძლის სავიზიტო ბარათია.

დარეჯან ბერძენიშვილი საცხოვრებლად თბილისიდან სოფელში გადავიდა და ადგილზე საკუთარი ბიზნესი ერთი წლის წინ წამოიწყო. ამ ეტაპზე საქმიანობას ოჯახთან ერთად უძღვება. წარმოება ჯერჯერობით მცირეა, პროდუქციის ჩამონათვალი კი საკმაოდ მრავალფეროვანი.

საბოლოო ასორტიმენტის ჩამოყალიბებამდე მთელი წლის განმავლობაში საწარმოს დამფუძნებელმა ყველა სეზონური ხილის გამოშრობა სცადა. ექსპერიმენტების ჩატარებას წელს აღარ აპირებს. პროდუქციის საბოლოო ვარიანტი უკვე განსაზღვრულია. ხილს ადგილობრივი მოსახლეობისგან იბარებს. ამბობს, რომ სოფელში პროდუქცია ნაკლებად შეწამლული და შესაბამისად, გაცილებით სასარგებლო და გემრიელია.

ჩურჩხელები, ტყლაპები, ხილისა და ყვავილების ჩაი, ნუშმალის, ალუბლის, მანდარინის, კივის, ვაშლისა და ხურმის ჩირი, ფორთოხლის ცუკატები, ეს იმ პროდუქციის არასრული ჩამონათვალია, რაც „სკიჯის“ სარეალიზაციო კალათაში ხვდება. ნუგბარი შეფუთული და ბრენდირებულია. ამ ეტაპზე პროდუქცია ძირითადად თბილისში, ტურისტებისთვის გათვლილ კაფე-რესტორნებში იყიდება.

როგორც დარეჯან ბერძენიშვილი ამბობს, ქსელურ მაღაზიებთან პროდუქციის სიმწირის გამო ვერ თანამშრომლობს. სამომავლოდ კი წარმადობის გაზრდას და ბაზარზე არსებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას აპირებს.

”სკიჯის” ხელმძღვანელის განმარტებით, სასტარტო წელმა საკმაოდ წარმატებით ჩაიარა, თუმცა გაფართოებისთვის საჭირო სახსრების მობილიზება ამ დროისთვის მაინც სირთულეს წარმოადგენს. 2015 წლის ნოემბერში წარმოება 5 ათასი ლარით სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.

”სკიჯის” პირველი პროდუქტი ბაზარზე გასული წლის დეკემბერში გამოჩნდა. ადგილობრივი წარმოების ნუგბარს მომხმარებელი უკვე საკმაოდ კარგად იცნობს, თუმცა მისი ხელმძღვანელი ამბობს, რომ კომპანიას ცნობადობის ამაღლებაში ყველაზე მეტად თიბისი ბანკის პროექტი დაეხმარა. #ბიზნესდაჯილდოებაში ”სკიჯი” რამდენიმე თვის წინ ჩაერთო.

როგორც დარეჯან ბერძენიშვილი აღნიშნავს, შეხვედრაზე ბევრი საქმიანი წინადადების განხილვა მოხდა და ამ პროექტში ჩართულობა მცირე ბიზნესს განვითარებისკენ უბიძგებს.

,,თიბისი” ბანკის პროექტში გამოცხადებისთანავე ჩავერთეთ. მოლოდინი დიდი გვაქვს.  ძალიან მალე გაგვიკეთებენ კატალოგს, რომელშიც მე და ჩემი საწარმო მოვხვდებით. ამის შესაძლებლობა, ალბათ, სხვა შემთხვევაში კარგა ხანს არ მომეცემოდა. ეს ყველაფერი ჩვენთვის სტიმულია. წარმატების გაზიარება და ურთიერთთანამშრომლობა მცირე ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნავს დარეჯან ბეძენიშვილი.

სამომავლოდ ”სკიჯის” დამფუძნებელი საწარმოს გაფართოებასთან ერთად აგროტურიზმში უფრო აქტიურად ჩართვას გეგმავს.

ქრისტინე გამთენაძე