Man-ის ახალი ავტობუსები N61 ხაზზე გავიდა

Man Truck and Bus AG-ის ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა, CNG ძრავზე მომუშავე და ადაპტირებული ავტობუსები დღეიდან N61 ხაზზე გავიდა.

ახალი ავტობუსები მარშრუტს ბაგებიდან იწყებს, გაივლის ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირებს და თავისუფლების მოედნის გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე ჩადის. ახალი ავტობუსებით მგზავრობის ღირებულება სტანდარტულია და 50 თეთრს შეადგენს. მოქმედებს დაწესებული შეღავათებიც. ავტობუსი შშმ პირებისა და ჩვილ ბავშვთა ეტლებისთვის არის ადაპტირებული: აღჭურვილია სპეციალური პანდუსითა და მათთვის სალონში გამოყოფილია შესაბამისი სივრცეები. საზოგადოებრივ ტრანსპორტში გათბობა-გაგრილების სისტემის კლიმატ-კონტროლი მუდმივად 22 გრადუსზეა დაპროგრამებული, რაც ზამთარ-ზაფხულ თანაბარი და კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

მეორე ეტაპზე ახალი ავტობუსები N51 ხაზს დაემატება. აქამდე აღნიშნულ მარშრუტზე მოძრავი ავტობუსები კი, N61 ავტობუსების მსგავსად, სხვა ხაზებზე გადანაწილდება, რაც, მერიის ინფორმაციით, ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილებებს შორის ინტერვალს შეამცირებს და მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის.

თებერვლის ბოლომდე, თბილისის ავტოპარკი ეტაპობრივად 143 ერთეული ავტობუსით განახლდება.